თამაზ მეჭიაური: პირადად ჩემთან კონსულტაციები არ დაწყებულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურის განცხადებით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ დაწყებულა, შესაბამისად, დეპუტატმა არ იცის, მოხვდება თუ არა ის სიაში.

როგორც მეჭიაურმა გადაცემა “2030”-ში განაცხადა, მისთვის ყველაზე მისაღები და სამართლიანი საარჩევნო სისტემა, მაჟორიტარული წესით არჩევნების ჩატარებაა.

რაც შეეხება საარჩევნო სიას, დეპუტატის განმარტებით, თუკი ის შეჯერებული იქნება ისე, რომ კოალიციაში შემავალი ძალთა ბალანსი არ დაირღვევა, მაშინ პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.

“თუ ისეთი შეჯერებული ვარიანტი იქნება, რომელიც დაახლოებით ასახავს იმ ძალთა ბალანსს, რომელიც არის კოალიციაში, მაშინ, მგონია, რომ ამ პროცესის გავლა უმტკივნეულოდ მოხდება. მაგრამ, თუ ვინმეს ექნება გაცილებით მეტი მოთხოვნა კოალიციიდან გაიტანოს მანდატები, ვიდრე მას თვითონ ეკუთვნის თავისი რეიტინგიდან გამომდინარე, მაშინ, შესაძლოა, წინააღმდეგობა მოხდეს. სურვილი მაქვს, რომ უმტკივნეულოდ მოხდეს”,- განაცხადა მეჭიაურმა.

ამასთან, თამაზ მეჭიაურის თქმით, “ქართულ ოცნებაში” შიგნით უნდა მოხდეს პროპორციული სიისთვის და მაჟორიტარული ოლქებისთვის კანდიდატთა შერჩევა, ისე რომ, წინა არჩევნებზე დაშვებული შეცდომა, აღარ განმეორდეს.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტროს განცხადება ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნაზე
შემდეგი სტატია“თავიანთი დიპლომები დაჰკიდონ კედლებზე და იმარიაჟონ” – თამაზ მეჭიაური “რესპუბლიკელებზე”