პრემიერ-მინისტრმა მინისტრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობამ ნათლად უნდა დასახოს 2016 წლის პრიორიტეტები.

პრემიერის თქმით, 2016 წლის პრიორიტეტები, თანხვედრაში იქნება საზოგადოების მოთხოვნებთან და ამავდროულად, შეაჯეროს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2017 წლამდე დასრულდება პატიმართა რისკების კლასიფიკაცია და მოხდება მათი გადანაწილება რისკების მიხედვით 4 ტიპის დაწესებულებაში. მთავარ ამოცანად განისაზღვრა პატიმართა რესოციალიზაცია, მათი დასაქმება და განათლება, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის კურსის გაგრძელება.

პრემიერ–მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მხრიდან დიასპორულ პრობლემებზე ზრუნვის გააქტიურების აუცილებლობასა და დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო დიასპორულ საინვესტიციო მექანიზმებს, განიხილეს ქართული სახლების კონცეფცია და ონლაინ სკოლის იდეა ახალგაზრდებისთვის.

banner
წინა სტატიაშივან დეიკის ნახატთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატია,,ტაბულას” ჟურნალისტებს რესტორანში თავს დაესხნენ