თბილისში 500 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე მდებარე ახალაშენებული 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა.

128-ე ბაღი ერთ-ერთია იმ 50-მდე ბაღიდან, რომელიც წინა წლებში სხვადასხვა მიზეზით დაიხურა. შენობა 2007 წელს ავარიულობის გამო დაანგრიეს, მის აღდგენას კი ადგილობრივები წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ.

აღნიშნული ბაღის ფუნქციონირება ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს იმ ბავშვებს, რომელთაც აქამდე ვერ შეძლეს ბაღში დარეგისტრირება და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ახლომდებარე ბაღების განტვირთვას.

შენობა ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ფლიგელისგან შედგება და 500-მდე ბავშვზეა გათვლილი. საბავშვო ბაღის მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. მისი მშენებლობისა და აღჭურვისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 600 000 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, თბილისში ამ დროისთვის 6 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, მომავალ წელს კი 10 ბაღის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.
“ეს არის ახალი საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს. ბაღი, როგორც შევპირდით მოსახლეობას, დროულად ჩავაბარეთ და ახალ ბაგა-ბაღში ასწავლიან გადამზადებული პედაგოგები. ამ შენობაში არის ახალი სათამაშოები, ასევე ყველანაირი პირობა, რაც ბავშვების ღირსეულად აღზრდისთვის არის საჭირო”, – განაცხადა გახსნაზე მისულმა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშირომის პაპი წიგნს გამოსცემს
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა შენობა უკანონოდ დაიკავეს