IDFI: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ყოველთვიურად დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატს იღებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2015 წელს 7 ძველი ავტომობილიდან 5 ახლით ჩაანაცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ IDFI პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განმარტებით, შესყიდვების ღირებულების ფასთა შორის სხვაობამ ჯამში 108 000 ლარი შეადგინა.
ამასთან, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2015 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯებმა 104 252 ლარი შეადგინა.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2015 წლის 17 აგვისტომდე გაწეული 104 252 ლარის ოდენობის ხარჯიდან 58 204 ლარი შეადგენს სასტუმროს მომსახურების ხარჯს, 29 384 ლარი დღიურ ხარჯს, ხოლო 15 826 ლარი მგზავრობის ხარჯს. ყველაზე დიდი სამივლინებოს ხარჯი ადმინისტრაციის მიერ გაწეულია 10-12 მაისს საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა შეადგინა 11 546 ლარი. ამავე წლის 25-27 თებერვალს ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით აგრეთვე, იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომლის სასტუმროს მომსახურების ხარჯმა 8 208 ლარი შეადგინა”, – აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
გარდა ამისა, ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები და სხვა თანამდებობის პირები ყოველთვიურად იღებენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატს.
“ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს სამი თვის განმავლობაში მიღებული აქვთ თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2015 წლის (იანვარი-აგვისტო) განმავლობაში საკონსულტაციო მომსახურებაზე სახელმწიფო შესყიდვა არ განუხორციელებია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნული პერიოდისათვის დასაქმებული იყო 37 შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2015 წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში შეადგინა 382 042 ლარი, საიდანაც პრემიის სახით გაცემულია 14 900 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატები მათზე არ გაცემულა.
აღნიშნულ პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სულ გათავისუფლდა 7 თანამშრომელი, რომელთაგან 5 გათავისუფლებულია საკუთარი ინიციატივით, ხოლო 2 თანამშრომელი სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტარებს შორის მივლინებებზე ყველაზე დიდი თანხა თედო ჯაფარიძემ დახარჯა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი: დაჭრილი პოლიციელის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა