გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს – ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში

ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი განწყობა მომავალი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. “მინდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება ერთად ავაშენოთ უფრო კარგი ქვეყანა, დაგიდასტუროთ ჩემი სურვილი, რომ სამუშაო ვითარებაში კონსტრუქციულად განვიხილოთ საკითხები. ჩვენ არ გვექნება კომპლექსი, რომ დაგეთანხმოთ რაღაცეებში. მე მგონი ორდღიანი გამოსვლის შედეგად, თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ ჩემი ეს სურვილი. ვეცდები და ვთხოვ ჩემს თანაგუნდელებსაც, საქმით დავადასტუროთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი საზოგადოების გამთლიანების. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ გახლეჩილები. ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, უნდა შევქმნათ უფრო მეტი სტაბილურობის შეგრძნება. ადამიანებმა უნდა იფიქრონ მომავალზე და არა წარსულზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. სიტყვის დასასრულს პრემიერობის კანდიდატმა დამსწრეებს მადლობა გადაუხადა, მათ შორის ოპონენტებს. “დიდი მადლობა თუნდაც თქვენი კრიტიკული დამოკიდებულებისთვის”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის რეჟიმი 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს დე-ფაქტო საზღვარს ჩაკეტავს
შემდეგი სტატია,,ბიძინა ივანიშვილმა ლევან მურუსიძის დანიშვნით საზოგადოებას სახეში შეგვაფურთხა “