“საპარლამენტო უმრავლესობას შევახსენებ, რომ ყოველი წამი, წუთი, საათი, კვირა, დღე, თვე მათი მმართველობისა არის უდიდესი დანაშაული”

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “გამოსავალი სატელიტების და მარიონეტების წაყვანა-მოყვანაში არ არის”. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“უმაღლესმა აიათოლამ, მილიარდერმა ივანიშვილმა, რომელიც ფარული წესებით მართავს სახელმწიფოს, გადააყენა საკუთარი პაიკი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რათა დანიშნოს სხვა მარიონეტი და ძველს აკიდოს პასუხიმგებლობა იმ დანაშაულებრივ ცოდვებზე, რაც ჩაიდინა ივანიშვილმა ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ.
გამოსავალი სატელიტების და მარიონეტების წაყვანა-მოყვანაში არ არის. გამოსავალი მილიონერთა რეჟიმის დამთავრებაშია. ამისათვის გარდაუვლად აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გაზაფხულისთვის მოგვცემს ახალ პარლამენტს, ახალ მთავრობას, ახალ გზას და გამარჯვების იმ საფუხურებზე გაგვიყვანს, რასაც ჩვენი ხალხი კაი ხანია იმსახურებს!
მე მივმართავ საპარლამენტო უმრავლესობას და შევახსენებ, რომ ყოველი წამი, წუთი, საათი, კვირა, დღე, თვე მათი მმართველობისა არის უდიდესი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ და მათი პასუხიმგებლობის დამძიმება კიდევ უფრო იმ დონემდე, რომ შეიძლება ვერანაირი უვადო სასჯელი ვერ ეყოთ, როცა ამის დრო დადგება. რამენაირად მოთოკეთ თქვენი ვნებები. თქვენ უკვე იშოვეთ საშოვარი, მილიონები, მილიარდები და დათმეთ როგორმე 10 თვის ხელფასები. მიეცით ხალხს საშუალება, რომ გაზაფხულზე პროცედურულად, კონსტიტუციურად ჩავატაროთ არჩევნები. არ დაამტკიცოთ არცერთი შემოთავაზებული მარიონეტი, მეპატრონის, მილიარდერი ივანიშვილსგან, რომელსაც ის ასე რუდუნებით გთავაზობთ ამ დღებშიც და მომდენო კვირაშიც”. – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე: ყველა მონდომებულია, რომ გადაწყვეტილებები იყოს ძალიან სწრაფად მიღებული
შემდეგი სტატიათამარ სანიკიძე: შეტყობინება, რომ პოსტი უნდა დავტოვო, არ მაქვს