პაატა ბურჭულაძე: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას

მივმართავ თხოვნით ყველას გადაიდოს სასამართლო პროცესი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე

საქართველოს განვითარების ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებას და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლის ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას მხარი არ დაუჭირონ.
ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა პარასკევს დაგეგმილ კენჭისყრაზე არჩევანი ტრადიციულ უსამართლობასა და სასამართლოს რეპუტაციას შორის გააკეთოს – გირგვლიანის საქმის მოსამართლის ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა ნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინა ხელისუფლებასთან ერთად, გირგვლიანების ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ინაწილებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება სრულად ანგრევს სასამართლო სისტემას, იმ აუცილებელი რეფორმიც ნაცვლად, რომელიც სისტემაში არის გასატარებელი.
მოვითხოვთ, საქართველოს ხელისუფლებისგან: ნუ დაუჭერს მხარს უსამართლო და უკანონო განაჩენებზე ხელმომწერი მოსამართლეების უვადო დანიშვნას, რაც სრულად და საბოლოოდ შელახავს სასამართლოს რეპუტაციას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
რაც შეეხება ფონდის ერთ-ერთ დამფუძნებელს დავით ჯანდიერს, მისი თქმით, გირგვლიანის საქმე იყო და რჩება საზოგადოების ღირსების საქმედ.
“მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ გადალახავს წითელ ხაზს, რომლის იქით მას პრეტენზია სამართლიანობაზე ვეღარ ექნება. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო არ არის, რომ მურუსიძის და სხვა მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენი გვირგვლიანის საქმეზე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და მათ შორის ყველაზე მთავარს – ადამიანის სიცოცხლის უფლებას. მურუსიძის ადგილი არ უნდა იყოს სასამრთლო სისტემაში. მეტიც დროა დაიწყოს სასამართლოს რეალური რეფორმა, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ აღდგეს ქვეყნის სასამართლო სისტემის რეპუტაცია და ქვეყნის მოსახლეობას გაუჩნდეს ნდობა მართლმასაჯულების მიმართ”, – აღნიშნა დავით ჯანდიერმა.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტების მიერ გატაცებულებს, სავარაუდოდ, დღეს გამოუშვებენ
შემდეგი სტატიამანანა კობახიძესთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას დღეიდან ადვოკატი დავით ლანჩავა უპასუხებს