553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების რეგულაციას მხარი დაუჭირა. კენჭისყრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. პლენარულ სესიაზე გამართული კენჭისყრის დროს საკანონმდებლო ინიციატივას 553 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ 66 კანონმდებელმა მისცა ხმა. 28-მ კი თავი შეიკავა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე მხარდაჭერის შემდეგ, რეგულაცია ევროკავშირის საბჭოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, რის შემდეგაც ევროკავშირის საკანონმდებლო ჟურნალში გამოქვეყნდება.

საქართველოს ვიზალიბერალიზაცია შეჩერების ახალ მექანიზმთან ერთად ამოქმედდება. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას ევროპარლამენტი სავარაუდოდ 13-16 თებერვლის სესიაზე დაამტკიცებს, ევროკავშირის საბჭო კი 27-28 თებერვალს.

როგორც შეჩერების მექანიზმის საკითხზე მომხსენებელმა აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგამ დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მისი ვარაუდით, შეჩერების მექანიზმის და ვიზალიბერალიზაცია მარტის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს.

მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმი ძალაში შევა, საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად იმოგზაურებენ შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში და შენგენის ოთხ კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში, ასევე უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ისლანდიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასა და შვეიცარიასთან. საქართველოს მოქალაქეებს ვიზა დასჭირდებათ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ჩასასვლელად.

უვიზო რეჟიმით სარგებლობას ბიომეტრიული პასპორტების მქონე მოქალაქეები 180-დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიბორჯღალოსნების ახალი კვართისა და რაგბის პირველი ონლაინმაღაზიის პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიაწულუკიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ყველას გილოცავთ და გისურვებთ ამ უნიკალური შესაძლებლობის სასიკეთოდ გამოყენებას