44 წლის ორი შვილის მამა – მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველის შესახებ წერს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე, უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. ექსპრეზიდენტის ინფორმაციით, დავით სიხარულიძე სოფელ ნოვოლუგანსკთან დაიღუპა.

მიხეილ სააკაშვილი გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ოჯახს უსამძიმრებს.

“კიდევ ერთი ქართველი ოფიცერი გმირულად დაეცა დონბასში. დავით სიხარულიძე ოკუპანტებს ჯერ კიდევ აფხაზეთში 1992-93 წლებში ებრძოდა. საქართველოში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა.

2015 წლამდე ის მაიორი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ იქედან წამოვიდა, უკრაინაში გადავიდა და “აიდარის” წევრი გახდა. ის სოფელ ნოვოლუგანსკთან, საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. 44 წლის იყო, ცოლი და ორი შვილი დარჩა.

უკვე სათვალავი ამერია, მერამდენე ქართველი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში. ასეულობით ქართველი ამ დრომდე აგრძელებს უკრაინის დასაცავად ბრძოლას. უკრაინის პრეზიდენტის მიერ საზეიმოდ დადებული ფიცის მიუხედავად, არცერთს არ მიუღია უკრაინის მოქალაქეობა.

ამის მიუხედავად, ისინი აგრძელებენ უკრაინის დასაცავად ბრძოლას და იღუპებიან კიდეც, ისევე, როგორც 34 უკრაინელი დაიღუპა აფხაზეთში, ხოლო ბევრმა, მათ შორის გიორგი ღონღაძემ, იქ ჭრილობა მიიღო.

იბრძვიან რა უკრაინაში, ქართველები უკრაინელ გმირებს ვალს უბრუნებენ. ისინი თავისუფალი საქართველოსთვის იბრძვიან, მაგრამ ამავდროულად, უკრაინას თავიანთ მეორე სამშობლოდ მიიჩნევენ. შემთხვევითი არაა, რომ უცხოელებს შორის უკრაინაში დაღუპულთაგან ყველაზე მეტი ქართველია. დაე, მსუბუქი იყოს მათთვის უკრაინული მიწა…”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი მიზანია მახინჯი, შემაფერხებელი ბარიკადის დემონტაჟი მოხდეს“ – ქეთევან ციხელაშვილი
შემდეგი სტატიარომის ცენტრში ორმაგი აფეთქება მოხდა