გიორგი ვოლსკი განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

volski

“30 აგვისტო კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ გაუსაძლის ტკივილს, რასაც ასეულობით ოჯახი განიცდის შინმოუსვლელი ახლობლების გამო.
1990-იანი წლებში მიმდინარე პროცესებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად საქართველოში 2000-ზე მეტი კაცია გაუჩინარებული. მათი ოჯახის წევრებმა დღემდე არ იციან, რა ბედი ეწია მათ ახლობლებს. უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, ქართველი, აფხაზი და ოსი დედები, მეუღლეები თუ შვილები ცოცხლობენ იმედით, რომ ადრე თუ გვიან შეიტყობენ სიმართლეს დაკარგული ოჯახის წევრებზე.
გვსურს, კიდევ ერთხელ გავიზიაროთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მწუხარება და დავადასტუროთ ჩვენი მზადყოფნა იმის შესახებ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად. ვუსამძიმრებთ როგორც ქართველ, ისე აფხაზ და ოს ოჯახებს ძმათამკვლელ ომებში გაუჩინარებული სიცოცხლეების გამო.
კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას საქართველოში 20 წლიანი ისტორია აქვს. არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ღვაწლი და შრომა, რომელიც დაკარგულ მებრძოლთა ოჯახის წევრების მიერ შექმნილმა ფონდმა “მოლოდინმა”, გასწია ომში დაკარგული მებრძოლების მოძიების საქმეში. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია 1996 წელს დაარსებული სახელმწიფო კომისიის წევრებისა თუ ცალკეული პიროვნებების ძალისხმევა, რის შედეგადაც თავის დროზე 250ადამიანის ნეშტი დაიკრძალა სათანადო პატივით.
ათწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის დახმარებითა და აფხაზურ მხარესთან განახლებული მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმების შედეგად შესაძლებელი გახდა, სოხუმში “დიდების მემორიალთან” არსებული და 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლების სამარხების ექსჰუმაცია. დღეისათვის გადმოსვენებულია 31 ნეშტი, უახლოეს პერიოდში კიდევ 21 მებრძოლი დაიკრძალება მშობლიურ კუთხეში.
ესოდენ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისათვის ჩვენი კოლეგების სახელით კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა მოვახსენოთ “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს”, ევროკავშირსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.
ასევე გამოვხატავთ მადლიერებას აფხაზური მხარის მისამართით: რომ არა მათი კონსტრუქციული და ჰუმანიტარული მიდგომა ამ მეტად ფაქიზი საკითხისადმი, საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ნეშტების გადმოსვენება ვერ მოხერხდებოდა. პოლიტიკურ პოზიციათა სხვაობის მიუხედავად, ჩვენ ყველა – სოხუმშიც, ცხინვალშიც, თბილისშიც, – უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ მუდამ არსებობდა და კვლავაც იარსებებს ისეთი მარადიული ფასეულობები, როგორიცაა დაკარგული შვილის მომლოდინე მშობლის პატივისცემა და მომავალი თაობების უსაფრთხოება.
მივესალმებით ურთიერთგაგებას პროცესის მონაწილე მხარეთა შორის და ვიმედოვნებთ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით კვლავაც გაგრძელდება.
გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ საზოგადოებრივ ორგანიზაცია “მოლოდინს”, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მოგვცემს საშუალებას, ჩვენი თანადგომით ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ ტკივილი საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ახლობლებს.
ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, 14:00 საათზე, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (სამების საკათედრო ტაძარი); 17:00 საათზე – დიღმის ძმათა სასაფლაოზე;
მარტვილში, 14:30 საათზე, – მარტვილის მონასტერში;
მცხეთაში, 13:00 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
გვჯერა, რომ საქართველოს საზოგადოება კიდევ ერთხელ გამოავლენს სოლიდარობისა და თანადგომის მაგალითს და პატივს მიაგებს დაღუპულთა ოჯახებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის აეროპორტში დამლაგებლები გაიფიცნენ
შემდეგი სტატიახადარკოვსკი: რუსებს შეუძლიათ ამორალური კანონები არ დაიცვან