30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს

30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს, – კურორტი ოფიციალურად დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნა.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალი, საქართველოში უპრეცედენტო მოდელი – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა 150-მილიონიანი ინვესტიციის განაწილება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რომლის შედეგად, სახელმწიფომ ააშენა საბაგირო გზა, გაარემონტა გზები, ხოლო კერძო კომპანია “ჯიარდისი” ახორციელებს ინვესტიციებს სასტუმროების, აპარტოტელების, მაღაზიების, გასართობი ცენტრებისა და პარკინგების მშენებლობაში.
“ეს არის სრულიად ახალი მოდელი, რომელსაც ჩვენ სხვა კურორტებზეც გამოვიყენებთ. უახლოეს მომავალში მზად იქნება კოხტა-მიტარბის კურორტის გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კურორტი კანონზომიერად განვითარდება და არ იქნება ქაოსური განვითარება. ეს კურორტი ჩაფლულია ულამაზეს ლანდშაფტში და ვფიქრობ, ამ ინვესტიციებით, ბორჯომ-ბაკურიანის და კოხტა-მიტარბის ერთიანი კომპლექსი შეიქმნება, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი კურორტი იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ბაკურიანში გასულ წელს დამონტაჟდა სამთო ციგა, 2017 წელს კი იწყება ბიატლონის ტრასის მშენებლობა, დაგეგმარდება ახალი სატრამპლინო სისტემა, დაიწყება ჰოკეის მოედნის მშენებლობა და იარსებებს სრული კომპლექსი, რომელიც მასშტაბური საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობას შეძლებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კურორტზე შექმნილი იქნება ყველა პირობა, რათა ნაკრებებმა ვარჯიში მთელი წლის მანძილზე შეძლონ.
“ვფიქრობთ, 12 თვის მანძილზე არ იქნება დღე, როდესაც ეს კურორტები დატვირთული არ იქნება. ეს ნიშნავს უამრავ ახალ სამუშაო ადგილს. ეს კურორტი, 100 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას შეინახავს, რაც უდიდესი შვება იქნება აქ მცხოვრებთათვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის აღდგენის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ახალი წლის მისალოცი რეგიონის მოსახლეობისთვის.
“ეს იქნება დაბრუნება ბავშვობაში და ამავდროულად – გზა მომავლისკენ. მოგეხსენებათ, ეს ხაზი საჭიროებდა განახლებას და ის, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი სატრანსპორტო ხაზი მთელ ამ მარშრუტზე არსებული სოფლების მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ წარმატებაში მიიღო მონაწილეობა – “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელ სანდრო ონოფრიშვილს და მის გუნდს; კომპანია “ჯიარდისის”; Black Sea Group-ს, რომელმაც უპრეცედენტოდ მოკლე დროში ძალიან დიდი სამუშაო შეასრულა; Doppelmayr-ს და მის წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც გვერდით ედგნენ პროექტის განხორციელებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის წვლილი, რომელმაც “ძალიან ბევრი იმუშავა, რათა ეს პროექტი რეალობა გამხდარიყო” და წარმატება უსურვა გიორგი გახარიას, რომელმაც პროექტი ჩაიბარა და “ბევრი მუშაობა მოუწევს ყველა დაანონსებული გეგმის განსახორციელებლად”.

banner
წინა სტატიაშითვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო რუსეთში ხვალ გლოვის დღე გამოცხადდა
შემდეგი სტატიაჩეხეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას საშიში ცხოვრება უსურვა