30 ამპუტანტი ვეტერანისთვის პროთეზების დამზადება იგეგმება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა მსოფლიო ბაზარზე ლიდერ საპროთეზო ცენტრ “ოტტობოკთან” და საქართველოში არსებულ სოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან ერთად სამმხრივი მემორანდუმი გააფორმა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა, “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის” სახელით თამილა ერისთავმა და კლაუს ფროლოხმა.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება პირველ ეტაპზე 30 ამპუტანტი ვეტერანისთვის გამოკვლევების ჩატარება და მათთვის პროთეზების დამზადება.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ “ოტტობოკის” დელეგაცია სოციალური რეაბილატაციის ცენტრს ეწვია. სპეციალისტებმა ვეტერანებს გამოკვლევები ჩაუტარეს და პროთეზებისთვის ზომები აიღეს.
დელეგაცია გერმანიიდან საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მოწვევით ესტუმრა. სამუშაო შეხვედრები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
კომპანია “ოტტობოკს” არსებობის 90 წლიანი ისტორია აქვს და ამჟამად 50–ზე მეტი ფილიალი ფუნქციონირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანიის მიზანია ადამიანებს მობილურობის აღდგენაში დაეხმაროს და ხელი შუწყოს, შეუნარჩუნოს ან გააუმჯობესოს ის აქტივობები და შესაძლებლობები, რაც მათ გააჩნიათ. ამისთვის საუკეთესო ხარისხის მაღალ ტექნოლოგიურ პროთეზებს ამზადებენ და რეაბილიტაციას უწევენ პაციენტებს.

banner
წინა სტატიაშიდიდი რაოდენობით საქონლის კანონდარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი ახალ ელჩს იან კელის შეხვდა