3 მილიონ 200 ათასი ლარის გაჩეხილი ხე-ტყე და ყალბი დოკუმენტებით გაყიდული მასალა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციისთვის, ყალბი საგადასახადო დოკუმეტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გოდერძი არქანია, ბორის შელია და ლაშა წიფურია დააკავა. ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა თამაზ ბუკია და სერიოჟა კვიტატიანი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებისა და მათი თანამზრახველების ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14 საწარმო, რომელთა შექმნის მიზანი სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონოდ მოჭრილი ხის მასალის შემდგომი რეალიზაცია იყო. ვინაიდან ხის მასალა უკანონოდ იყო მოპოვებული, ბრალდებულები მათ მართვაში არსებულ საწარმოთა შორის ახდენდნენ ფიქტიურ ოპერაციებს, რითაც ქმნიდნენ ყალბ მონაცემებს მასალის ნაშთის შესახებ, შემდგომში კი გაყალბებულ დოკუმენტაციას იყენებდენენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის თბილისში ტრანსპორტირებისა და რელიზაციისათვის.

საერთო ჯამში, ბრალდებულების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმეტების გამოყენებით რეალიზებულია 3 200 000 ლარის (დაახლოებით 6 800 კუბურ მეტრი) უკანონოდ მოჭრილი ხის მასალა, ხოლო მათი საწარმოების მხრიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 1 250 000 ლარს აღემატება.

დანაშაულში მონაწილე ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: საქართველოში კორუფცია ვერ დაბრუნდება
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: პროგრესი არსებობს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასამართლო და უმცირესობების დაცვა