ოფიციალური უკრაინა ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას კვლავ არ ადასტურებს

ანტი-ტერორისტული ბრძოლების დროს დაღუპული ქართველი სამხედროს, თამაზ სუხიტაშვილის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კიევში, საქართველოს საელჩოს ჯერ არ მიუღია. დიპლომატიური უწყება დილიდან ამ თემაზე მუშაობს. ისინი უკვე დაუკავშირდნენ უკრაინის ანტი-ტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებს, სადაც მათ განუცხადეს, რომ დაღუპულის ცხედარს ჯერ დნეპროპეტროვსკში, შემდეგ კი კიევში გადაასვენებენ.

ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა ოფიციალური გამომშვიდობება დაღუპულ ქართველ მებრძოლთან ისევე, როგორც ეს ალექსანდრე გრიგოლაშვილის შემთხვევაში მოხდა.

საქართველოს საელჩო კი აცხადებს, რომ საგარეო უწყება და მთლიანად საქართველოს მთავრობა მზად არის დაღუპულის ოჯახს სათანადო დახმარება აღმოუჩინოს.

„უკრაინის მხარე აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროც. აღნიშნულ ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, საქართველოს მთავრობა, საელჩო, მზად არიან დახმარება გაუწიონ ოჯახს. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ოჯახთან, მის მეგობრებთან. ეხლა რა ინფორმაციასაც ვფლობთ, დაღუპული დნეპროპეტროვსკში უნდა გადაასვენონ,” – განაცხადა უკრაინაში საქართველოს კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ კერესელიძემ.

გუშინდელი ოპერაციისას კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიჭრა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

უკრაინული მედია კი პრო-რუსი სეპარატისტების მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

დღეს უკრაინის აღმოსავლეთში შედარებით, სიმშვიდეა. უკრაინის მხარეს იმედოვნებენ, რომ ბრძოლები ნათლისღების დღესასწაულის გამო დღეს არ განახლდება და მხარეები დაშავებული სამხედროების საავადმყოფოებში გადაყვანას შეძლებენ.

 

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში დაღუპული სამხედროს ოჯახს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა – უმრავლესობა პრეზიდენტს შეხვდება