,,24 წლიანი ჭრილობა მართლაც დღეს დაიხურა, ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი დაუბრუნდა თბილისს”

„24 წლიანი ჭრილობა მართლაც დღეს დაიხურა“,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მამია ალასანია შვილმა ირაკლი ალასანიამ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

„აქ ყველა გმირია, არიან ავღანელი ვეტერანები, ვინც დაიცვეს სოხუმი და მთავრობის შენობა, აქ არიან მთავრობის წევრები, ვინც არ დატოვეს სოხუმი და იყვნენ ბოლომდე სოხუმის მცველებად.

მე ბედნიერი ვარ, რომ დაუბრუნდა მამაჩემი, სხვებთან ერთად, თბილისს. ისინი ქვეყნის მიმართ, ხალხის მიმართ სიყვარულის გამო დარჩნენ სოხუმში და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, საერთაშორისო ორგანიზაციას, ვინც ეს უდიდესი და ურთულესი საქმე გააკეთა.

ასევე, სასულიერო, საერო ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა და დააფასა მათი გმირობა. მგონია, რომ სწორედ ასეთი ადამიანების მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები და ეს ასეც იქნება, ამიტომ დღეს მწუხარებასთან ერთად არის ბედნიერი დღე, რომ სახლში დავიბრუნეთ ჩვენი ოჯახის წევრები”,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიასა და კიდევ 23 პირის ნეშტს ხვალ, 17 ოქტომბერს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებიდან 25 პირის ცხედარი იდენტიფიცირებული და გადმოსვენებულია. განცხადება ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა 11 ოქტომბერს გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიახალი მეტროს სადგურით მგზავრები 17:00 საათიდან სარგებლობენ
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავამ თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა