21 წლის ბექა ხახუბიას სიცოცხლე გორის გვირაბის ჩახერგვამ შეიწირა

21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა ავარიას, რომელიც საპატრულო პოლიციის მიერ მისთვის გზის ტრაილერით ჩახერგვას მოჰყვა. ტრაგედიის დეტალების შესახებ ყოფილი პოლიციელი, ზვიად კუპრავა წერს.

მისი აღწერით, ხახუბია მანქანის გაჩერების თაობაზე პოლიციელთა მოთხოვნას არ დაემორჩილა, რადგან ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გზა დიდი სიჩქარით გააგრძელა. ეკიპაჟი მას დაედევნა.
“ბექა ხახუბია, რომელიც “ქართული ოცნების” ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ვაჟია, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობდა. დევნა გუშინ გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე დაიწყო.
როცა ბექა ხახუბიამ შენიშნა, რომ საპატრულო პოლიცია მის დევნას არ წყვეტდა, ხაშურის ცენტრში, წრესთან, მანქანა მოაბრუნა და ისევ თბილისის მიმართულებით წამოვიდა, რის შემდეგაც, ზვიად კუპრავას თქმით, პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, ურჩი მძღოლი წინაღობის მეშვეობით შეეჩერებინა.
“გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს კუთვნილი სატვირთო ავტომანქანა და გორის გვირაბის გასასვლელი ჩახერგეს.
დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ტრაილერი ვერ შეამჩნია და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას. სამწუხაროდ, საპატრულო პოლიციის უკანონო ქმედების შედეგად, 21 წლის ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა”,- წერს ზვიად კუპრავა.
“საპატრულო პოლიცია თანხის დაზოგვის მიზნით არ არის აღჭურვილი “ზღარბი პოლიციელებით”, რომლებითაც უსაფრთხოდ და უვნებლად, საბურავების ჩაფუშვის ხარჯზე შეიძლება ავტომანქანის გაჩერება და დამრღვევ ავტომანქანებს, სრულიად უკანონოდ და აქამდე უპრეცედენტოდ, ტრაილერებით უკეტავენ გზას”,- ამატებს ის.
შეგახსენებთ, “კანონი პოლიციის შესახებ” პირდაპირ კრძალავს პოლიციის მიერ ისეთი ტექნიკური საშუალებების გამოყენებას, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ადამიანის სიცოცხლეს:
მუხლი 28.
“…. პოლიციის მიერ გამოყენებულმა ტექნიკურმა საშუალებებმა და მათი
გამოყენების მეთოდებმა არ უნდა
დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლესა
და ჯანმრთელობას”.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბექა ხახუბიას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

banner
წინა სტატიაშისიახლეები პენიტენციურ სისტემაში – საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიათორდია-ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს