საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი კახიანის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა, შესაძლოა, 5%-დან 3%-მდე დაიწიოს.
„თუ საბოლოო ჯამში გადაწყდა ისე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა იმავე სისტემით, რაც ახლა არის და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს მოხდა, ასეთ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, რომ პროპორციულ ნაწილში შერეული სისტემის საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე შემცირდეს, რაც, ერთი მხრივ, პარტიულ პლურალიზმს კიდევ უფრო უზრუნველყოფს და პატარა პარტიებს საშუალებას მისცემს, პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავდეთ“, – აცხადებს გიორგი კახიანი.
„ქართული ოცნების“ დახურული შეხვედრის შემდეგ, აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, შეხვედრაზე მოიძებნა კომპრომისი, რომლის თანახმად, 2018-2020 წლებში საარჩევნო სისტემები არ შეიცვლება არც პრეზიდენტისთვის და არც პარლამენტისთვის, ასევე – შემცირდება ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე და პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე გაგრძელდება მსჯელობა.
კომპრომისი მოიძებნა. კომპრომისი მდგომარეობს იმაში, რომ საარჩევნო სისტემები არ შეიცვლება არც პრეზიდენტისთვის, არც პარლამენტისთვის მიმდინარე 2018-2020 წლებში. მეორე – შემცირდება ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებისთვის და მესამე – პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე იქნება კიდევ მსჯელობა, რა ფორმით ჯობია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, როდის ამოქმედდება პროპორციული საარჩევნო სისტემა, ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით 2024 წელს ჩატარდება.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”