2017 წელს აშშ საქართველოსთვის 63 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საბიუჯეტო დოკუმენტების თანახმად, 2017 წელს აშშ საქართველოსთვის 63 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაეხმარება „საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევას“.

მრავალმილიონი დახმარება მიმართული იქნება „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისკენ რუსული გავლენისკენ მიდრეკილი მოსახლეობისთვის“. თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი განკუთვნილია სამოქალაქო პროგრამებისთვის. ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობა კი წელს შემცირებულია. 2017 წელს საქართველოსთვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარების მოცულობა არსებული 30-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდება. ეს თანხა განკუთვნილია „საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელშესაწყობად, რომლებიც შეძლებენ უსაფრთხოების გაძლიერებას, რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და კოალიციის ოპერაციებში კონტრიბუციას. გათვალისწინებულია მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საქართველოს სატრანსპორტო ვერტმფრენების ავიაციის შესაძლებლობების განახლება, თავდაცვის რეფორმა და საქართველოს სამხედრო ინსტიტუტების მოდერნიზება“.

უკრაინული კრიზისის შემდეგ, აშშ-მ დაიწყო მასშტაბური პროგრამა სახელწოდებით „ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივა“, რომელიც ევროპაში ამერიკული სამხედრო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს. თეთრი სახლის მოთხოვნით, 2017 წელს ამ პროგრამაზე არსებული 790 მილიონი დოლარის ნაცვლად უნდა დაიხარჯოს 3,4 მილიარდი აშშ დოლარი, მაგრამ საქართველო ამ პროგრამაში ჩართული არ იქნება. თანხის უმეტესი ნაწილი, დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარი, დაიხარჯება აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ძალების განლაგებაზე. თბილისი ამ პროგრამაში ჩართვას ლობირებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროგრამა საქართველოში რაიმე აქტივობას არ ითვალისწინებს. სამხედრო აქტივობის გაფართოების საკითხზე ნატო-შიც მსჯელობენ. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში ნატო-ს ძალების გაზრდა. მათ შორის ბალტიისა და შავ ზღვებში. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ნატო-მ, შესაძლოა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში 1 000 სამხედოსგან შემდგარი ბრიგადა განალაგოს. ასევე გათვალისწინებულია სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა 40 000 სამხედრო მოსამსახურით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე განაცხადა, რომ საქართველო მზად არის შავი ზღვის რეგიონის აქტივობაში ჩაერთოს. მისი თქმით, „როდესაც ნატო–ს ორი წევრი და სამი პარტნიორი ქვეყანა შავი ზღვის რეგიონში მდებარეობს, შეუძლებელია უსაფრთხოების ახალი სისტემის ან ფორმატის შექმნაზე საუბარი ალიანსის წევრებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მონაწილეობის გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი უსაფრთხოების ნებისმიერ სისტემაში, რომელსაც ნატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წარადგენს“ – განაცხადა ხიდაშელმა. ნატო-ს გეგმები უარყოფითად შეფასდა მოსკოვში. ნატო-ში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა, რომ „ნატო ცდილობს ცივ ომში რუსეთის ჩათრევას“.

წყარო: euronews.ge

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლე აცხადებს, რომ პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკის შეფასებით, გოგი თოფაძის პასუხი გადასწვდა არამხოლოდ “რესპუბლიკურ პარტიას”, არამედ კოალიციას და მთავრობას