2016 წლის 14-15 ივნისს გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი

აღნიშნულ რაუნდზე ქართული მხარე დააყენებს საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის საკითხს და მოითხოვს ბრალდებული პირის სასწრაფოდ დაკავებასა და გადმოცემას, რათა დამნაშავე წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. ბრალდებულის დაკავებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს შესაძლო პროვოკაციისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. იმედია, რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი სოხუმში გააცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ღონეს მიმართავენ, ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებისა და ქართული მხარისათვის ჩაბარების მიზნით.

მწვავედ დადგება ასევე საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნების აღმართვის გაგრძელების საკითხი, რომლის ბოლო შემთხვევაც 6 ივნისს სოფელ ავლევში დაფიქსირდა. ხურჩაში მომხდარი მკვლელობა და საოკუპაციო ხაზის გამაგრება სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის გარანტიების საჭიროებას.

დღის წესრიგში რჩება საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა. გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გადაუდებელი აუცილებლობა. განხილვის მთავარი თემა იქნება ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.

ქართული მხარე მზადაა, კონსტრუქციული მონაწილეობა გააგრძელოს ჟენევის მოლაპარაკებებში და იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი მონაწილეებიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს.

banner
წინა სტატიაშითეა წულიკიანს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს
შემდეგი სტატიაქართველი ემიგრანტი ქალბატონის გარდაცვალების ფაქტი ოჯახს ეცნობა