2015 წლის პირველი 10 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,8 % შეადგინა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,0 %, ხოლო 2015 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,8 % შეადგინა.

“2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან”, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, საქსტატის ცნობით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

banner
წინა სტატიაშიპაატა სალია – მე ვერ ვხედავ, რომ ამან არსებითად რაიმე ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო BMW X6 საპატრულო მანქანაზე განმარტებას აკეთებს