“2010 წლის აგვისტოში მიღებული დავალებით ბიზნესმენი თამაზ ნიჟარაძე 24 საათი უნდა გვეკონტროლებინა”

სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ქემოკლიძე ქონების გამოძალვის საქმეზე დავით კეზერაშვილისთვის წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით დაიკითხა. მოწმის ჩვენებით, მან სოდ-ის დირექტორისგან, დევი ჭელიძესგან მიიღო დავალება მისულიყო ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძის სახლში და ეკონტროლებინა ვითარება. ქემოკლიძის თქმით, სოდ-ის თანამშრომლები სამი დღის განმავლობაში იყვნენ ბიზნესმენის სახლში. მოწმემ ასევე მოყვა, რომ დავალებული ჰქონდათ ბიზნესმენს სახლიდან გასვლისას გაყოლოდნენ.

“ნიჟარაძემ მითხრა, რომ საქმე ჰქონდა და მის მეგობრებს უნდა შეხვედროდა. მე შევათანხმე ჩემს ხელმძღვანელობასთან და გავყევი მას. ის ე.წ. პიქსელის შენობასთან ჩამოვიდა ორ მეგობართან შესახვედრად, შემდეგ მანქანაში როცა დაბრუნდა მითხრა, რომ უნდა წავსულიყავით ფინანსურ პოლიციაში, მის ტერმინალში აღურიცხავი ბენზინის საკითხთან დაკავშირებით. როცა ეს ფინანსური პოლიციაც გავიგე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენთვის მოცემული დავალების მიზანი იყო ნიჟარაძის 24 საათიანი კონტროლი”,- განაცხადა მოწმემ.

კეზერაშვილის ადვოკატი მოწმის ჩვენებაზე აცხადებს, რომ ეს ჩვენება ბრალდებულ კეზერაშვილის წინააღმდეგ ვერაფერს ამტკიცებს, ხოლო ბრალდების მხარის ცნობით, კეზერაშვილი სწორედ სოდ-ის გამოყენებითაც ახდენდა ბიზნესმენზე იძულებას, რათა დაეთმო მისი კუთვნილი ბიზნეს აქტივები ფოთის პორტში.

banner
წინა სტატიაშინიუ-ჰემფშირში პირველადი მონაცემებით ჰილარი კლინტონი ლიდერობს
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე: წყენას ადგილი არ ჰქონია… ჯერ მიმდინარეობს კონსულტაციები