,, 2008 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი სრულად არის შესრულებული”

2008 წლის აგვისტოში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტი სრულად არის შესრულებული, – ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში განუცხადა.

„2008 წლის აგვისტოს შეთანხმებაზე ვიმსჯელეთ 2008 წელს, 2009 წელს და 2010 წელს. ამის შემდეგ მგონი შევთანხმდით, რომ დოკუმენტი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შესრულებულია. მე არ ვიცი, თუ რატომ მოხდა ამ თემის ხელახლა წამოწევა. მე მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ 2008 წელს დადებული ხელშეკრულება შესრულებულია“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ასევე აცხადებს, რომ რუსეთმა ყველა აღებული ვალდებულება შეასრულა.

„რუსეთმა ამ შეთანხმებით გათვალისწინებული უკლებლივ ყველა პუნქტი შეასრულა. რუსეთის მიერ შესრულებულია დოკუმენტის მეხუთე პუნქტიც. უფრო მეტიც, შემიძლია გითხრათ, თუ როდის შეასრულა აღებული ვალდებულება. შემიძლია კონკრეტული თარიღის დასახელება. რუსეთმა დოკუმენტი შეასრულა 2008 წლის 9 ოქტომბრის ღამეს. რაც შეეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ისინი იმყოფებიან არა საქართველოს, არამედ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. მათი ყოფნა ეფუძნება ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც გავაფორმეთ და ხელი მოვაწერეთ. ეს შეთანხმებები ძალაშია, აქტიურია და მოქმედებს. რუსეთის ყოფნა ამ ტერიტორიაზე, რუსეთის ორი სამხედრო ბაზის ყოფნა გამართლებულია. გამართლებულია და საჭიროა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ნატო-ს აქტიურობა იზრდება სამხრეთ კავკასიაში და განსაკუთრებით საქართველოში. ეს ყველას გვაშფოთებს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – შარშან იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი – სამინისტროების შერწყმის მოდელი კარგად გააზრებული უნდა იყოს, რომ ქვეყანამ სისტემის კოლაფსი არ მიიღოს