ყოფილი პოლიციელის თქმით, როდესაც ის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდა, ყველამ იცოდა, რომ 15 მაისის აქციის დაშლაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული

6e838b3e8406c2f0d1276741cc5cf24dყოფილი პოლიციელის ლაშა ცანავას თქმით, როდესაც ის “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდა, ყველამ იცოდა, რომ 2009 წლის 15 მაისის აქციის დაშლაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
მაშინდელი აქციის მონაწილეს, გიორგი ჩითარიშვილსა და ლაშა ცანავას შორის ურთიერთშელაპარაკება გადაცემა “რეაქციის” სტუდიაში მოხდა, სადაც ჩითარიშვილმა წარმოადგინა ფოტო, სადაც მას ცანავა ფიზიკურად უსწორდება. ჩითარიშვილმა პროკურატურას მოუწოდა, პასუხი აგებინოს ცანავას.
“მე რომ მივედი “ქართულ ოცნებაში” ყველამ იცოდა, რომ ამ ღონისძიებაში მქონდა მონაწილეობა მიღებული და არანაირი უკანონობა არ ჩამიდენია. ქალაქის სამმართველოს დაკავებულები რომ ვერ შეჰყავდათ და გამოჰყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში, გზა ჰქონდათ გადაკეტილი და მაშინ მოხდა…”, – განაცხადა საპასუხოდ ლაშა ცანავამ. გიორგი ჩითარიშვილმა კი მას ზონდერი უწოდა.
ლაშა ცანავა დღეს თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით, 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხა. თავად ცანავა ამ ფაქტს ბიძინა ივანიშვილის ნათლულთან მის დაპირისპირებას და “ქარული ოცნების” დატოვებას უკავშირებს.
2009 წლის 15 ივნისს შს მთავარი სამმართველოს წინ ახალგაზრდული ორგანიზაციების საპროტესტო აქცია სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დაწყებიდან დაახლოებით 10 წუთში, აქციის მონაწილეები სასტიკად დაარბიეს სამართალდამცავებმა. აქციაზე მყოფ ყველა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჩამოართვეს აპარატურა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე სასტიკად ცემეს სახალხო დამცველის რწმუნებული ვახტანგ მენაბდე. პოლიციამ აქციის 38 მონაწილე დააკავა. იმავე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ 5 მათგანს _ დაჩი ცაგურიას, მიხეილ მესხს, გიორგი ჩითარიშვილს, მერაბ ჭიქაშვილსა და გიორგი საბანაძეს – 30 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 33 დაკავებულს ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 400 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ოფიციალური განცხადებით, “თბილისის შს მთავარ სამმართველოსთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბლოკირება გაუკეთეს პოლიციის მთავარ შესასვლელს და გადაკეტეს სამანქანო გზა. პოლიცია შეეცადა შესასვლელი და სამანქანო გზის გათავისუფლებას, რა დროსაც მომიტინგეები არ დაემორჩილნენ პოლიციის თანამშრომლებს და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა. სამართალდამცავების მიერ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე დაკავებულები იქნენ აქციის მონაწილეები”. 15 ივნისის ინციდენტის გამო, მოკვლევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ჩაატარა. შედეგად სასტიკი საყვედური გამოეცხადა 2 თანამშრომელს, საყვედური – 4 თანამშრომელს, ხოლო სამ თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.

banner
წინა სტატიაშიმოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და ბრალდება პროკურატურის მიმართ, მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდა ინტერპოლისა და პროკურატურის კომპეტენციების აღრევა-ირაკლი შოთაძე
შემდეგი სტატიაპარტია დავტოვე ბევრი უსამართლობის გამო და ბიძინა ივანიშვილის ნათლულის ჯოტო სამადაშვილის გამო-ლაშა ცანავა