1941. 22 ივნისი. დილის 4 საათი. სამამულო ომი დაიწყო………

1941. 22 ივნისი. დილის 4 საათი. ამაღამ დიდი სამამულო ომი დაიწყო.........

 აგრესია მოსალოდნელი აგრესიის წინააღმდეგ !

1941. 22 ივნისი. დილის 4 საათი. ამაღამ დიდი სამამულო ომი დაიწყო.........სსრკ-ს საჰაერო სივრცეში, 1941 წლის 15 აპრილს საბჭოთა ლა-5 მა ცეცხლი გაუხსნა გერმანულ იუ-86-ს რომლის ბორტზე კომპანია ,,ლუფტჰანზა,,-ს სიმბოლიკა იყო გამოსახული. ტრადიციულად გერმანელები ლაინერს ჯერ კიდევ 1937 წლიდან სამოქალაქო მგზავრობისთვის იყენებდნენ. ბორტზე მხოლოდ ორი ლუფტვაფეს პილოტი აღმოჩნდა, რომლებმაც ავარიულ დაშვებამდე შესძლეს ფოტომასალების განადგურება.
ნკვდ-ს ოთახში არიელმა მფრინავებმა განაცხადეს, რომ ცუდი ამინდის გამო ლოძთან გზა აებნათ და სრულიად შემთხვევით მოხვდნენ ბელორუსიის ტერიტორიაზე. მართალია ბერიას უწყებას ნაკლებად სჯეროდა ზღაპრების, მაგრამ საქმეში მალე მოსკოვში რეიხის ელჩი ფონ შულენბურგი ჩაერია და საქმეც ჩაიფარცხა.

ნახევარი წლით ადრე კი, 1940 წლის ნოემბერში ჰიტლერმა დირექტივა 21-ს ანუ ,,ბარბაროსა,,-ს ოპერაციას მოაწერა ხელი. 1941 წლის იანვარში კი კრემლში წითელი არმიის გენშტაბის ჩინოსნები შეკრიბნენ და რუქების საშუალებით ,,ომობანა,, ითამაშეს. ჟუკოვმა სამხრეთ პოლონეთის მიმართულებით რეიხზე შეტევა მიიტანა და ბულგარეთი ,,მიიერთა,, ორი კვირის განმავლობაში. იგივე ჩინოსნები მაისშიც შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს აგვისტოს 10 რიცხვიდან გადაელახათ სსრკ-გერმანიის საზღვარი და განმანთავისუფლებელი ბრძოლები წამოეწყოთ აღმოსავლეთ ევროპაში.,,ბარბაროსა,,-ს დამტკიცებას და კრემლის ,,თამაშებს,, წინ უძღოდა მოლოტოვის ბერლინური მოგზაურობა. რეიხის საგარეო უწყება მზად იყო ჰიტლერის პირადი კონდორი გამოეყო სახალხო კომისარისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელმა მატარებელი არჩია. რეიხსკანცლერმა მოლოტოვს შესთავაზე სსრკ შეერთებოდა ღერძის ქვეყნებს. ყველასათვის მოულოდნელად, კი ნარკომმა ჰიტლერს სტალინთან დაზეპირებული წინადადება ახალა პირში: ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი სსრკ-ს გავლენის სფეროში უნდა მოექცეს. საბჭოთა მთავრობას არ შეუძლია წყნარად შეხედოს ირანის ნეიტრალურ პოლიტიკას. ფიურერმა არ შეიმჩნია სახეზე უკმაყოფილება. ის მხოლოდ უსმენდა რუსეთის ნომერი პირველი დიპლომატის ღაღადს. საუბრის დასასრულს რეიხსკანცლერმა მადლობა გადაუხადა მოლოტოვს, რომელმაც რეიხს პატივი დასდო და ესტუმრა. ფაქტია, რომ ბერლინური ვოიაჟის შემდეგ ორი სახელმწიფო იწყებს სამხედრო დირექტივების მიღებას. ოფიციალურად მეორე დღეს, ჰიტლერი საბჭოთა საელჩოს უნდა სწვეოდა, მაგრამ მან დიპლომატიურ მიპატიჟებას გენერალიტეტთან შეხვედრა ამჯობინა.

1941. 22 ივნისი. დილის 4 საათი. ამაღამ დიდი სამამულო ომი დაიწყო.........

1941 წლის 6 აპრილს, ყველასთვის მოულოდნელად ვერმახტი იუგოსლავიის ტერიტორიაზე შევიდა. არადა რამდენიმე დღით ადრე ბელვედერის სასახლეში პროტოკოლს ხელი რიბენტროპმა და პრემიერმა ცვეტკოვიჩმა მოაწერეს. ეს იყო 26 მარტს. თუმცა მეორე დღესვე ბელგრადის ქუჩებში გამოსული ხალხის სახელით, სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. 5 აპრილს კი კრემლში იუგოსლავიამ სსრკ-სთან თანამშრომბლობის პაქტს მოაწერა ხელი. ჰიტლერს არ შეეძლო ევროპაში ბოლშევიზმის საფრთხესთვის თვალყური ედევნებინა და სასწრაფო წესებით ოკუპირებულ იქნა იუგოსლავია.

ომამდე კი რეიხში მორიგი სკანდალი გამოცხვა. კრემლში ყოველივეს დიდი ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა… რუდოლფ ჰესი მოულოდნელად შოტლანდიაში გაფრინდა მე-110.
1941 წლის 11 მაისი, ზალცბურგი, ოსტმარკი. ცნობილი ავიაკონსტრუქტორი ვილი მესერშმიდტი რკინიგზის ბაქანზე, მიუნჰენიდან ჯავშნოსანი მატარებლით ჩამოსულ ავიაციის მარშალს გერინგს შეეგება ნაცისტური სალამით. ამ უკანსკნელმა მარშალის კვერთხი მუცელში ატაკა და იღრიალა: –გუშინ რუდოლფ ჰესი თქვენი ბომბდამშენით შოტლანიაში აღმოჩნდა.
თქვენ გაეცით ბრძანება მე-110 რომ მის განკარგულებაში ყოფილიყო?
–კი მაგრამ ის რეიხის ნომერი მეორე პირია…
–დაიმახსოვრეთ ვილი, ის აღარავინ არაა. მოღალატეა! მეორეჯერგიკრძალავთ ყველა ვიგინდარას დაუთმოთ თქვენი თვითმფრინავი. სჯობს თქვენ საქმეებს მიხედოთ და რაც მეტს ააგებთ მესერშმიდტებს, მით უფრო კარგი იქნება.
ამ სიტყვებზე მეტი არ თქმულა ზაცბურგის სადგურზე. ვაგონში კი გერინგმა თავის ადიუტანტ პოლკოვნიკ კოლერს გაუმხილა: კოლერ, ჰესმა თავისი ოინბაზობით გამიწმინდა გზა კანცლერის თანამდებობისკენ.

1941. 22 ივნისი. დილის 4 საათი. ამაღამ დიდი სამამულო ომი დაიწყო.........

ტყვედ ჩაბარებული ჰესი როგორც გამარჯვებული მხარეს დიპლომატი ისე იქცეოდა და ბრიტანელებს საუბარში გაუმხილა, რომ გერმანია ზავზე თანახმა იყო იმ პირობით, თუ ჩერჩილის კაბინეტი დაუყონებლივ გადადგებოდა…

გუდრუნ ბურვიცის (ჰიმლერის ქალიშვილი) მოგონებებიდან: 1941 წლის 22 ივნისი საკმაოდ წყნარად დაიწყო გერმანიისთვის. სადილისთვის უკვე ხალხმა გააცნობიერა რომ ან გერმანია ან კი საბჭოეთი იარსებებდა მომავლის მსოფლიო რუქაზე.

ერთი დღით ადრე, ფელდმარშალმა კეიტელმა ფიურერს მოხსენბითი ბარათიც კი გაუგზავნა: პირადად ფიურერს! ოფიციალურად დასტურდება რომ ,,ბარბაროსა,,-ს დაწყებამდე, საბჭოთა კავშირის 306 დივიზია დაუპირისპირდება ჩვენ 172 დივიზიას. რუსული 15 000 ტანკის და 10 000 სამხედრო თვითმფრინავის წინააღმდეგ, ლუფტვაფე მხოლოდ 3 000 ხომალდს, ხოლო გუდერიანი 2 000 ტანკს დაუპირისპირებს. ფელდმარშალი კეიტელი.

პატაკიდან ირკვევა, რომ საზღვარზე უპირატესობა სტალინს ჰქონდა და არა ჰიტლერს. კრემლში გამართული ტაქტიკური ,,ომობანა,, გამოდის რომ ტყუილად არ ჩაუტარებია საბჭოთა გენერალიტეტს.

ომის დაწყებამდე კი ლამის ერთი კვირით ადრე მოსკოვს იუნკერს-52 გადაუფრინა და როგორც არქივებიდან ირკვევა სტალინს რეიხსკანცლერის პირადი წერილი გადასცეს. როგორც მოკავშირე სახელმწიფო, სსრკ-ს ფლოტი ნორვეგიულ პორტ ნარვიკში გროსადმირალების რედერის და დენიცის ესკადრას უნდა შეერთებოდა. მიზანი კი ბრიტანეთის დაპყრობა გახლდათ. ამავე წერილში ირკვევა რომ გერმანელი ხალხის ფიურერი ამშვიდებს სტალინს რომ ვერმახტის ძალების მასობრივი შეყრა საზღვართან ჩერჩილის გაბრიყვების სქემაა. მეტიც, ივნისის ან ივლისის ბოლოს რეიხსკანცლერი თანახმაა მიიღოს სტალინი ბერგჰოფში ან თავდვე ესტუმროს მოსკოვს.

1941. 22 ივნისი. დილის 4 საათი. ამაღამ დიდი სამამულო ომი დაიწყო.........

22 ივნისს კი მოწმენდილ ცაზე კი ელჭექის ხმა მაინც გაისმა… პირველივე დღეს გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვნად შეარყიეს სახალხო არმიის უძლეველობის მითი.

მანშტეინის მოგონებიდან: პირველივე დღეს (22 ივნისი) სატანკო კორპუსმა ისეთი დარტყმა განახორციელა, რომ ბელორუსია ფაქტიურად რეიხის მფლობელობაში გადავიდა. უკვე ნათელი გახდა რომ მინსკის საბჭოური დღეები დათვლილიღა იყო.

გროს ადმირალ რედერის ტელეგრამის მიხედვით, რეიხის ფლოტმა მნიშვნელოვნად დააზარალა საბჭოთა საზღვაო ძალები და ლუფტვაფესთან ერთად მურმანსკის დაბომბვაში მიიღო მონაწილეობა.

ლუფტვაფეს შტაბმა ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა ბერლინის რადიოს. დილის ათი საათისთვის განადგურებული იყო 1 500-ზე მეტი საბჭოთა საჰაერო ხომალდი. მეორე ცნობა სენსაციად აღიქვა თვით გებელსის პროპაგანდისტულმა მანქანამ – ლუფტვაფეს შტაბი ასობით რადიოგრამას იღებს სპეცდანიშნულების ჯგუფებიდან. მტრის ზურგში გაგზავნილი დივერსიული რაზმების ხელმზღვანელები ითხოვენ ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა მოექცნენ ტყვედ ჩავარდნილ საბჭოთა მეომრებს. აღმოჩენილია საინტერესო ფაქტებიც. კერძოდ, ბელოვეჟთან ახლოს 10 კაციან გერმანულ რაზმს, რუსების 300 კაციანი დაჯგუფება ტყვედ ჩაბარდა.

ესესის შტანდარტენფიურერი და ჰიტლერის პირადი ადიუტანტი ოტო გიუნშე კი თავის უბის წიგნაკში ჩაინიშნავს: 1941 წლის 22 ივნისის დილა, საკმაოდ გადატვირთული გამოდგა ჩემთვის. ფიურერთან დაკავშირებას ცდილობდა სამივე არმიათა ჯგუფის მთავარსარდალთა კორპუსი. სარეზერვო არმიათა შტაბიც აქტიურობდა. განსაკუთრებით თავისი პატაკებით გამოირჩეოდა მანშტეინი. ფიურერი პირველივე საათებიდან უშუალოდ აკვირდებოდა ,,ბარბაროსას,, განვითარებას აღმოსავლეთ მიწებზე. როდესაც ახალი ინფორმაცია მოვიდა ტალინის დაბომბვის შესახებ, ჰიტლერმა თავაზიანად დასვენება მოითხოვა.

1941. 22 ივნისი. დილის 4 საათი. ამაღამ დიდი სამამულო ომი დაიწყო.........

ფაქტია საბჭოთა ხალხის ბელადი დაიბნა. ის კუნცევოს აგარაკზე დილის საათებში გააღვიძეს. სტალინმა ყოველივე პროვოკაციად შეაფასა, თუმცა მალე ფონ შულენბურგმა მოლოტოვს ოფიციალური ნოტა ომის გამოცხადების თაობაზე გადასცა.

თავის სუფრულ საუბრებში ჰიტლერი არაერთხელ განმარტავს, რომ მან დროულად დაიწყო ომი სსრკ-ს წინააღმდეგ, რომელიც აგრესორი ქვეყნის როლში უნდა მოვლენოდა დიად გერმანიას.

1945 წლის 9 მაისამდე კი დიდი დრო რჩებოდა, რომელსაც გამარჯვებული მხარეს ვინაობა უნდა გაერკვია. თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

ბექა კვიციანი

banner
წინა სტატიაშიკრიზისების მართვის საბჭოს წევრები პატრიარქს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაუხანგრძლივა