18 წლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს პირველად ეწვია

KVIRIKA18 წლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ილინოისის უნივერსიტეტს პირველად ეწვია. გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსების სფეროში ილინიოსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი 1998 წელს მიიღო.
უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი პრემიერი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა სწავლის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ ილინოისის უნივერსიტეტმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება.
“აქ ჩამოსვლის საკითხი საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. 1997 წელს მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში, უკვე მყავდა სამი შვილი და ერთი წლით ოჯახის დატოვება მიწევდა. ამერიკაში ჩამოსული დასაწყისში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ ქვეყანას არა მხოლოდ ვსტუმრობდი, არამედ საზოგადოების ახალი წევრიც ვხდებოდი და მნიშვნელოვან ახალ კონტაქტებს ვამყარებდი. ეს გამოცდილება განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული. მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით, რომლებიც პარკში იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ურბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა,” – აღნიშნა პრემიერმა და განაცხადა, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები არიან იმ ქვეყნების კულტურის ელჩები, საიდანაც ისინი ბრუნდებიან.
პრემიერმა გაიხსენა 1990-იანი წლები, როდესაც ამერიკის წამყვან ინსტიტუტებში სწავლა თითქმის შეუძლებელი იყო.
“მე მომეცა დიდი შესაძლებლობა, გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო კურსზე ილინოისის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასკის პროგრამის სტიპენდიანტის სტატუსით. ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მახსოვს, როდესაც თანაკურსელებს დავუახლოვდი, მომინდა, გამეცნო მათთვის ქართული კულტურა. გავიგე, რომ სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და ჩემი 16 თანაკურსელი დავპატიჟე კონცერტზე. მინდოდა მეგობრებისთვის მეჩვენებინა ჩემი ქვეყნის კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ფინანსურად ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის. მეგობრების დაპატიჟება საშური საქმეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკრედიტო ბარათზე დავალიანების დაფარვა შემდეგ დიდხანს მიწევდა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საქართველოს შესაძლებლობები და მთავრობის სამომავლო გეგმა – რეფორმების დღის წესრიგი გააცნო; ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, განსაკუთრებით ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა.
ილინოისის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები იყო.
“ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთგული მეგობარი საქართველოს სახით, სტაბილური გეოპოლიტიკური მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი”, – აღნიშნა გამოსვლისას პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ძირითად მიზნად საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლა დაასახელა.
“დასასრულს, მადლობას მოგახსენებთ, იმისთვის, რომ საქართველოთი დაინტერესდით. გამოვთქვამ იმედს, რომ ამ ღონისძიების შემდეგ განსხვავებულად დააფასებთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას. ასევე გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ქვეყანაში თქვენ გელოდებათ საუცხოო სანაპიროები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი, უბრალოდ არაამქვეყნიურია,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე პარტიის შექმნას აანონსებს
შემდეგი სტატია2014 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 700 ათასია