სააკაშვილი: მინიშნებაც კი, რომ მე ეთნიკური ფაქტორით შეიძლება ვსპეკულირებდე, უადგილოა

ნებისმიერი მინიშნებაც კი, რომ მე ეთნიკური ფაქტორით შეიძლება ვსპეკულირებდე, უადგილოა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, საკუთარ გვერდზე წერს.

სააკაშვილი განმარტებებს აკეთებს მათ საყურადღებოდ, რომლებმაც ექსპრეზიდენტი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში ინვესტორის ეთნიკურ ფაქტორზე ყურადღების გამახვილების გამო გააკრიტიკეს.

“ჩემი მეგობრების საყურადღებოდ, ვისაც ყურში მოხვდა გუშინ, ჩემ მიერ ბათუმის ტექნოლიგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, მყიდველი კომპანიის ჩინური წარმომავლობის აღნიშვნა, მინდა ვთქვა – ნებისმიერი მინიშნებაც კი, რომ მე ეთნიკური ფაქტორით შეიძლება ვსპეკულირებდე, უადგილო რომ არის, ალბათ, ყველა ხვდება და ჩემთვის სულერთია ქართული კომპანია შეასრულებს ივანიშვილის დავალებას, თუ _ ჩინური; ვერც კეთილსინდისიერ ინვესტორად ჩავთვლი მათ, ვინც ამ შემთხვევაში პირდაპირ მთავრობის დავალებას ასრულებს. მე უბრალოდ “ქართული ოცნების” ორსახოვნებას გავუსვი ხაზი. ეს ხალხი მოვიდა მათ შორის იმ ბრალდებებით, რომ ჩვენ საქართველო უცხოელებს მივყიდეთ. ახლა ინვესტიციების მოზიდვის საბაბით, საბოლოოდ კლავს საქართველოს ყველაზე მაგარი უნივერსიტეტის პროექტს. რა თქმა უნდა, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ბოლო ორ წელიწადში ასევე საინვესტიციო კლიმატიც გაუარესდა, რაც აისახა კიდეც ინვესტიციების მოცულობის მკვეთრ შემცირებაში”, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ უნივერსიტეტს ცალკე აღებული ერთი პარტია, ან ბათუმელთა ჯგუფი კი არა, მთელი მოაზროვნე საზოგადოება იცავდეს.

banner
წინა სტატიაში“თბილსერვის ჯგუფი” აბონენტებს მიმართავს
შემდეგი სტატიაპრემიერი “რიქსოსის” ხუთვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს გახსნის