15 არასაპარლამენტო პარტია “ქართულ ოცნებას“ მიმართავს

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

15 არასაპარლამენტო პარტია “ქართულ ოცნებას“ მიმართავს და მოუწოდებს არაუგვიანეს 15 აპრილისა, კონსტიტუციური რეფორმის საკითხზე საკუთარი პოზიცია საჯაროდ გამოაქვეყნოს:

“როგორც ცნობილია, 2016 წლის ბოლოდან მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მიერ დაანონსებული მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა და ამ მიზნით შექმნილია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.

1995 წელს საქართველოს კონსტიტუცია მიღებულ იქნა პოლიტიკური ძალების კონსენსუსით, თუმცა 2003 წლიდან ქვეყანაში განხორციელებული კონსტიტუციური შესწორებები მხარდაჭერილი იყო მხოლოდ მმართველი პარტიის მიერ. სამწუხაროდ, ეს “ტრადიცია“ გააგრძელა “ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც საკონსტიტუციო კომისია დააკომპლექტა მმართველი პარტიის დიდი უმრავლესობით, მთელი რიგი ოპოზიციური პარტიების თანამონაწილეობის გარეშე. რაც ყველაზე სამწუხაროა დღემდე კომისიის მუშაობის პროცესში არ იქნა გაზიარებული არც ერთი ოპოზიციური პარტიის არც ერთი წინადადება და შენიშვნა. სრულიად აშკარაა, რომ მმართველი პარტია აპირებს ერთპარტიულ რეჟიმში ქვეყნის კონსტიტუციაში ანტიდემოკრატიულ ცვლილებებს, რაც იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.

ყოველივე ზ/ა გამომდინარე, მოგმართავთ წინადადებით, არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა მმართველმა პარტიამ საჯაროდ გამოაქვეყნოს პოზიცია კონსტიტუციური რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელზეც მიღწეულია სრული კონსენსუსი ქვეყნის მრავალფეროვან პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო სექტორს შორის:

1. გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი (150 წევრი) არჩეულ იქნეს ერთიანი პროპორციული სიით (კონსტიტუციის 49-ე მუხლი). მანდატები უნდა განაწილდეს „დონტის ფორმულით“, რომელიც ითვალისწინებს მანდატების პროპორციული წესით განაწილებას.

დასაბუთება:

მაჟორიტარული სარჩევნო სისტემის გაუქმება იყო დღევანდელი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება. 2008 წელს მაშინდელი ოპოზიციის და დღევანდელი მმართველი პარტიის ლიდერები შიმშილობდნენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით. სამწუხაროდ, დღემდე “ქართული ოცნების“ მმართველობის 5 წლის მანძილზე მაჟორიტარული სისტემა ძალაში რჩება (ქართულ რეალობაში ეს სისტემა წარმოადგენს ოლიგარქიული ჯგუფების მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის მოქნილ ფორმას).

თავისთავად ცალკე აღებული, მაჟორიტარული სისტემა დემოკრატიული ინსტიტუტია. თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებში თითქმის არსად არ გხვდება ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) სისტემითაა არჩეული. ევროპის კონტინენტზე სულ 2 სახელმწიფოა ასეთი: ლიტვა და უნგრეთი და იქაც სხვა ტიპის რეგულაციები უზრუნველყოფს რათა ერთმა პარტიამ არ მიიღოს კონსტიტუციური უმრავლესობა.

გარდა ამისა, მაჟორიტარული სისტემა ქართულ რეალობაში ოდნავადაც ვერ უზრუნველყოფს მიღებული ხმებისა და მანდატების თანაფარდობის პრინციპს. შედეგად, ქვეყანაში, რომელსაც ფორმალურად დეკლარირებული აქვს ევროპული და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ ერთგულება, მმართველი პარტია პარლამენტში ფლობს კონსტიუტიციურ უმრავლესობას (მანდატების ¾), რაც მიღწეულ იქნა სწორედ 73 მაჟორიტარული ოლქიდან 72-ში გამარჯვების შედეგად. ქვეყნის 71 მუნიციპალიტეტიდან 71-ვეში 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა მმართველმა პარტიამ, რაც ერთ-ერთი უნიკალური შემთხვევაა ევროპის კონტინენტზე.

მიგვაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ხელს შეუწყობს პარლამენტში ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ადეკვატურ ასახვას (უკანასკნელ, 2016 წლის არჩევნებში პარტიებმა, რომლებმაც ვერ მოიპოვეს ვერცერთი მანდატი, ჯამში ამომრჩეველთა ხმების 21% მიიღეს), ხოლო მმართველმა პარტიამ, რომელმაც ხმათა 48% მიიღო, მანდატების ¾-ზე მეტი მოიპოვა).

2. შემცირდეს ბარიერი 5%-დან 3%-მდე (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

დასაბუთება:

ბარიერის შემცირება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას და რაც მთავარია, მნიშვნელოვნად შეამცირებს ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას.

3. შენარჩუნდეს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა (კონსტიტუციის 50-ე მუხლი).

დასაბუთება:

ქართულ (და ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყნის რეალობაში) ეს არის ერთადერთი საშუალება მშვიდობიანი ფორმით, არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება. საქართველოში ყველა სახელისუფლებო ცვლილება განახორციელეს სწორედ საარჩევნო ბლოკებმა (1990, 2003, 2012 წლებში), მათ შორის დღევანდელი მმართველი პარტია 2012 წელს წარმოადგენდა 6 პარტიისგან შექმნილ კოალიციას.

თუ მმართველი პარტია პრობლემურად მიიჩნევს ე.წ. მცირე პარტიების მიერ საბიუჯეტო სიკეთეების გამოყენებას, ვთავაზობთ – არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე სიკეთე მიიღოს საარჩევნო სუბიექტმა, ხოლო თუ ეს სუბიექტი საარჩევნო ბლოკია, ბლოკში შემავალ სუბიექტებს შორის აღნიშნული სიკეთეების გადანაწილება დარეგულირდეს ბლოკის წესდებით.

4. შენარჩუნებული უნდა იქნეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი (კონსტიტუციის 70-ე მუხლი).

დასაბუთება:

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი დემოკრატიულ ქვეყნებში, გასათვალისწინებელია, რამდენიმე გარემოება, რის გამოც მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ზემოთ აღნიშნული ცვლილება საქართველოში.

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ტენდენცია, რომ სადაც უკვე არსებობს პირდაპირი არჩევნები, იქ არ ხდება არაპირდაპირი სისტემის შემოღება, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც არაპირდაპირმა არჩევნებმა შექმნა პოლიტიკური კრიზისი, განხორციელდა პირდაპირი არჩევნების წესის შემოღება (მაგ: მოლდავეთი).

გარდა ამისა, იმ ქვეყნებში სადაც არსებობს პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი სისტემა (საპარლამენტო რესპუბლიკებში) – არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების გაწონასწორების სხვა მექანიზმები, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ა.შ. საქართველოს პირობებში კი პრეზიდენტი არის უკანასკნელი საჯარო ინსტიტუტი, რომელიც არ ექვემდებარება მმართველ პარტიას. ყველა სხვა ინსტიტუტს: მთავრობას, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობას, ყველა რეგიონის გუბერნატორს, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს, სასამართლო სისტემას, თითქმის ყველა ტელეკომპანიას და ა.შ. სრულად აკონტროლებს “ქართული ოცნება“. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის სისტემის შემოღების შემთხვევაში, ეს ინსტიტუტიც დაექვემდებარება მმართველი პარტიის კონტროლს.

ევროპული ტრადიციის მიხედვით საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არის ერთგვარი არბიტრი, რომლის კანდიდატურაც ხშირად წარმოადგენს ინტერპარტიული შეთანხმების საგანს (მაგ: გერმანიის პრეზიდენტად სულ ახლახანს არჩეულ იქნა უმცირესობაში მყოფი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი). საქართველოს პირობებში ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გამორიცხულია და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გამოიწვევს არაფორმალური მმართველის კიდევ ერთი მორჩილი და მდუმარე ინსტიტუტის გაჩენას არსებულ სისტემაში.

განსაკუთრებით მიუღებელია ამ ცვლილების ამოქმედება 2018 წელს დადგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებდამდე, ვინაიდან ეს გამოიწვევს პრეზიდენტის ლეგიტიმაციის შესუსტებას – თუ დღეს მოქმედი კანონმდებლობით მას ირჩევს ამომრჩევლის არანაკლებ 50%, პარლამენტის მიერ არჩევის შემთხვევაში გამოდის, რომ მისთვის ხმა ექნება მიცემული მხოლოდ ამომრჩეველთა 48%-ს (ანუ უმცირესობას). აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მოქმედი პარლამენტი ამ უფლებამოსულებით ამომრჩეველს არ აურჩევია.

თუ მმართველი პარტია პრინციპულად მიიჩნევს ამ ცვლილების განხორციელებას, მაშინ ვთავაზობთ მას ეს ცვლილება გამოტანილ იქნეს რეფერენდუმზე და თავად ამომრჩეველმა გადაწყვიტოს არის თუ არა ის თანახმა, გადასცეს თავისი უფლებების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთპარტიულ პარლამენტს.

მზად ვართ, 15 აპრილამდე ზემოთ აღნიშნულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გავმართოთ დამატებითი კონსულტაციები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: “ახალი მემარჯვენეები“, “ახალი საქართველო“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “გაერთიანებული დემოკრატიული-მოძრაობა“, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, “ევროპელი დემოკრატები“, “ეროვნული ფორუმი“, “თავისუფალი დემოკრატები“, “თავისუფალი საქართველო“, “თავისუფლება“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“ და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.

banner
წინა სტატიაში”რა ვიზალიბერალიზაცია, დანიშნული სოციალური დახმარებაც მომიხსნეს” – 80 წლის მოხუცის მიმართვა
შემდეგი სტატიაღია მიმართვა კობახიძეს-კვირიკაშვილს და მთავარი დაპირების შეხსენება – 120 ორგანიზაციის ხელმოწერა თვითმართველი ქალაქების გადასარჩენად