გიორგი კვირიკაშვილი – ჩინეთიდან ტურიზმის განვითარების მიმართულებით სპეციალური პაკეტები მომზადდება

საქართველოს ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ლი ძინწაოს შეხვდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში დავით აფციაური ესწრებოდნენ.
საქართველოს ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებულ პრიორიტეტად ტურიზმის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება დაასახელა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომელთაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის სისტემა არ აქვთ, ვიზის აღებას ინტერნეტის საშუალებით, მარტივად შეძლებენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი შედგება, რომლის ფარგლებშიც ჩინური კომპანიები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ადგილზე შეისწავლიან. გიორგი კვირიკაშვილმა ლი ძინწაოსთან შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გამარტივების საკითხებზე.
საქართველოს ვიცეპრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მოხდა შეთანხმება ჩინურ მხარესთან, რომ საქართველო მოამზადებს სპეციალურ პაკეტებს ჩინეთიდან ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
“ჩვენ გამოვიყენებთ მსგავსი ტიპის მექანიზმებს, როგორიც გვაქვს ქუთაისის აეროპორტში “ვიზეარის” რეისების ხელშეწყობის მიზნით. საუბარია სპეციალური ფინანსური პაკეტების შემუშავებაზე, რათა ხელი შეეწყოს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა პირდაპირი ავიამიმოსვლის განვითარებაზე ჩინეთის სხვა პროვინციებთანაც.
“გასულ წელს ჩინეთიდან სხვა ქვეყნების მიმართულებით გავიდა 100 მილიონზე მეტი ვიზიტორი. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამ ვიზიტორების გარკვეული ნაწილი მოვიზიდოთ საქართველოში”, – განაცხადა საქართველოს ვიცეპრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიმცხეთის გამგეობის თანამშრომელმა საწარმოს დირექტორს, ქრთამის სახით, 4 ათასი ლარი მოსთხოვა
შემდეგი სტატია,,მაროკი,, ახალი ნარკოტიკი