13 წლიანი პატიმრობა ტრანსგენდერის მკვლელობისთვის-პროკურატურის განმარტება

მთავარი პროკურატურა ტრანსგენდერ ზიზი შეყელაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას განმარტავს:

“თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 14 ოქტომბერს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, დიმიტრი გულიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გიორგი მურჯიკნელი ნასვამ მდგომარეობაში მის ნაცნობ ტრანსგენდერ ზურაბ (ზიზი) შეყელაძესთან მივიდა, მის მეგობარ ქალბატონსა და ზურაბ შეყელაძეს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის გარკვევის მიზნით. გიორგი მურჯიკნელსა და ზურაბ შეყელაძეს შორის საუბარი ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი მურჯიკნელმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზურაბ შეყელაძეს თავის არეში სამშენებლო ბეტონის ფილა ჩაარტყა, ხოლო შემდეგ სამზარეულოს დანით ყელის არეში რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა.
ზურაბ შეყელაძე მიყენებული დაზიანებების შედეგად 22 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გიორგი მურჯიკნელი 16 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მურჯიკნელი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან გიორგი მურჯიკნელს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ჰქონდა პირობითი მსჯავრი, სასამართლოს განაჩენით 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ გიორგი მურჯიკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.”ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილმა მისი ინტერესის გატარება მოსამართლეს ერთი მილიონი ლარით დაუფასა”- ოპოზიცია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპოლიცია: ინგლისის სუინდონში კვირაში 30 ბორდელი იხსნება