13-14 ივნისის სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ

თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა წარუდგინა.

დედაქალაქის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ საკრებულოს წევრებს 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, რომ ცვლილების მიხედვით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახებისთვის თანხები დამატებით გამოიყოფა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკითხი სხდომამდე შესაბამისმა კომისიებმა განიხილეს და საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით ერთ და 2-სულიან ოჯახებს ერთჯერადად 4 ათასი, ხოლო სამ და მეტ სულიან ოჯახს 6 ათასი ლარით დაეხმარებიან.

აღნიშნულ საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში ახალი კანცლერი აირჩიეს
შემდეგი სტატიაბელგიის სასამართლომ გადამბირებელი-ჯიჰადისტები გაანთავისუფლა