მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 ნოემბერია, თუმცა ცესკო-ს არჩევნების დანიშვნა მანამდეც შეუძლია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის ჩატარება პირველი ტურიდან 25 დღის ვადაში მოუწევს.

იქედან გამომდინარე, რომ საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდა, ცესკო-ს მეორე ტურის დანიშვნის ბოლო ვადად 2 ნოემბერი აქვს განსაზღვრული, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ ოლქის შესახებ საჩივრები არ დაფიქსირდა, მას მეორე ტურის დანიშვნა მანამდეც შეუძლია.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, მეორე ტური იმ შემთხვევაში ინიშნება, თუ დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს.

კანონმდებლობით, მეორე ტურში მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი მონაწილეობს. კერძოდ, ისინი, ვინც პირველ ტურში ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღეს. არჩევნების მეორე ტურში კი, არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებმა ხმათა ერთნაირი რაოდენობა მიიღეს, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, ხელახალი არჩევნები ინიშნება.

ცესკო-ს მონაცემებით, გუშინდელი არჩევნების შედეგების თანახმად, მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტური ბევრგანაა მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიცესკო-მ ხმების 66,1 % დათვალა – ბოლო მონაცემები
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს