112-ში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ 25 გამოძახება შევიდა

21 ივნისის 19:00 საათიდან ამ დრომდე, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში 25 გამოძახება შევიდა სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ყველა შეტყობინებაზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა.

“მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის, ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, კვლავ დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი. ამასთან, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რაოდენობა უცვლელია. გარდაცვლილია – 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი.

“მზიურის” ტერიტორიაზე მუშაობს 279 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 110 თანამშრომელი. დღეს, 07:00 საათის შემდეგ “მზიურის” ტერიტორიიდან გატანილია დახლოებით 800 მ3 ნატანი მასალა. ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაგროვილი წყლის ამოტუმბვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მზიურის ტერიტორიაზე სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.

ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე სამშენებლო ტექნიკა, 150 სამხედრო-მოსამსახურე და ქ.თბილისის მერიის 35 თანამშრომელი. მიმდინარეობს სტიქიის დროს დაზიანებული ვოლიერების დემონტაჟი. ასევე, გრძელდება ტერიტორიის გაწმენდა.
წყნეთის ქუჩის მიმდებარედ აქტიურად გრძელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები. უკვე ჩასხმულია 12 ხიმინჯი. დღის ბოლომდე ჩაისხმება კიდევ 4 ხიმინჯი.

გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სტიქიით დაზიანებულ ყველა ლოკაციაზე. პროცესში ჩართულია შესაბამისი სამსახურები – მობილიზებულია ყველა სახის საჭირო სპეცტექნიკა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ “სურსათის ეროვნული სააგენტო” სტიქიით დაზიანებულ ლოკაციებზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებს. დეზინფექცია პრევენციული ხასიათისაა და სტიქიის შემდეგ ინფექციის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

სამუშაოები სპეციალური სამანქანო დანადგარებით და მექანიკური ზურგსაკიდი აპარატების მეშვეობით ხორციელდება. სადეზინფექციოდ გამოიყენება კორსოლინის ხსნარი, რომლითაც მუშავდება სვანიძის ქუჩის, ზოოპარკის, მზიურისა და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტების განმარტებით, კორსოლინი აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანთა ჯანმრთელობისთვის, ასევე – გარემოსთვის. აღნიშნული ხსნარი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა დანიშნულებით – მათ შორის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს.

banner
წინა სტატიაშიbiletebi.ge- “ლატარიის” პრინციპით მუშაობს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები სასამართლომ დასაშვებად სცნო