ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში მონაწილეობს

საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ჯგუფი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-მრჩეველთა მისიაში (EUMAM RCA) მონაწილეობს.

ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

“ქართული ხუთეულის მთავარი ამოცანა მაღალი რანგის პირების ესკორტირება და დაცვის უზრუნველყოფაა.

მისიის მანდატი ფრანგი ორვარსკვლავიანი გენერლის, ბრიგადის გენერალ დომინიკ ლოჟელის სარდლობის ქვეშ ხორციელდება.

ფრანგი გენერალი ქართველი სამხედროების მუშაობით კმაყოფილია და მათ პროფესიონალ, დისციპლინიან, გამოცდილ და სანდო ჯარისკაცებად აფასებს.

“განსაკუთრებით ვაფასებ ქართულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რადგან ისინი პროფესიონალი, დისციპლინიანი სამხედროები არიან და სხვადასხვა სახის საბრძოლო მოქმედებათა თეატრში დიდი გამოცდილება აქვთ მიღებული. ისინი მონაწილეობას იღებენ მისიის ძირითად გაერთიანებაში, გვიზიარებენ ქართულ ტრადიციებს და საქართველოს ისტორიის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან. შემიძლია ვთქვა, რომ მე ვენდობი მათ მუშაობას და ვფიქრობ, რომ სხვა ევროპულ მისიებში ქართული კონტინგენტი კვლავ იქნება წარმოდგენილი”, – აღნიშნა ბრიგადის გენერალმა დომინიკ ლოჟელმა.

ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიას მიმდინარე წლის 12 აპრილიდან, 11 სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ასრულებს. ეს უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში სამხედრო-მრჩეველთა მისიაშია (EUMAM RCA) ჩართული.

თვითონ მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო და მიმდინარე წლის 16 ივლისს დასრულდება. ევროკავშირის ეგიდით ცარ-ში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაცია ადგილობრივი მთავრობის დახმარებას და მათთვის უსაფრთხოების სექტორის რეფორმასა და ადგილობრივი სამხედრო ძალების რეორგანიზაციაში მხარდაჭერას ისახავს მიზნად”.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” საფრანგეთის მთავრობასა და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო უწყება ფრანგ ხალხსა და ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს