იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე აირჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე აირჩია. საბჭოს სხდომა, სადაც სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებში ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად მოსამართლეების კენჭისყრა მიმდინარეობდა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კენჭისყრის საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩეული 44 მოსამართლედან 21 მოქმედი მოსამართლეა, 14 ყოფილი მოსამართლე, ხოლო 9 იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული. ვაკანტური დარჩა 21.

65 ვაკანტურ თანამდებობაზე სულ 125 განაცხადი იყო შეტანილი, მათ შორის ის მოსამართლეებიც იყვნენ, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდნენ. მოსამართლეების ნაწილს საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის სანდრო გირგვლიანი საქმის მოსამართლე გიორგი ჩემიას. ასევე საბჭოს წევრების მხარდაჭერა ვერ მიიღო “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძემაც. საბჭოს მიერ არჩეულ რამდენიმე მოსამართლეს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უნდობლობას უცხადებს. მათ შორის მამია ფხაკაძეს, რომელიც აირჩიეს 11 ხმით, ასევე თამარ ალანიას, რომელსაც საბჭოს 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დღეს არჩეული მოსამართლეები თავდაპირველად 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან, ხოლო შემდეგ ისევ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მათ უვადოდ დანიშვნაზე.

ახლადარჩეული მოსამართლეები უფლებამოსილების შესრულებას 25 ივლისიდან შეუდგებიან.

banner
წინა სტატიაშიგაერომ კიევი ოდესასა და მაიდანზე ხალხის დახოცვის გამოძიების პროცესის გამო გააკრიტიკა
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია “თაიმერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს