მოგერინი უვიზო მიმოსვლაზე: “საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ეხლა ჩვენ გადაწყვეტილებას ველოდებით“

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ „საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალზე.
„ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის 28 წევრ სახელმწიფოს სახელით, მე მაქსიმალურად მკაფიოდ დავაფიქსირე აზრი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების შესახებ. საქართველომ შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო. ახლა გადაწყვეტილება საბჭოზეა, კომისიის მხრიდან კი არსებობს მკაფიო რეკომენდაცია. საქართველოს მხრიდან ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ეხლა ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას“ -განაცხადა მოგერინიმ.

ფედერიკა მოგერინიმ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან, და საგარეო საქმეთა მინისტრთან არსებული შესანიშნავი პარტნიორობა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა საქართველოსთან არჩევნების შემდეგაც ისეთივე კარგი იქნება როგორც არჩევნებამდე იყო.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, სადაც მიხეილ ჯანელიძემ და ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშითავდამსხმელი ლიკვიდირებულია: გერმანიაში პოლიციამ მოკლა მამაკაცი, რომელმაც კინოთეატრში ცეცხლი გახსნა
შემდეგი სტატიაკახა კოჟრიძე – პრეზიდენტმა მინისტრისაგან მიიღო ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით ყოფილი მაღალჩინოსების უფლებები