1 სექტემბრიდან ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები იცვლება

საქართველოს მთავრობის N376 დადგენილებით, 1 სექტემბრიდან “ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი” ამოქმედდება.
როგორც “თაიმერს” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დადგენილების თანახმად, ბიზნესოპერატორის მიერ ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები იცვლება.
ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს “ხორბლის ფქვილი”; ნებისმიერი ინგრედიენტი, რომელიც ემატება ხორბლის ფქვილს, უნდა იყოს უვნებელი; მას არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი და გემო, არ შეიცავდეს ცოცხალ ან მკვდარ მწერებს. ფქვის სიმსხოს მიხედვით ხორბლის ფქვილი იყოფა ექსტრა, უმაღლესი ხარისხის, გამტკიცული, პირველი ხარისხის, მე-2 ხარისხის და ცეხვილ ხორბლის ფქვილად.
ბიზნეს ოპერატორი აგრეთვე ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები. მაგალითად, იმპორტის დროს პროდუქტი უნდა იყოს განთავსებული მცენარეთა მავნებლებზე დამუშავებულ ხის პალეტებზე.
მათივე ინფორმაციით, ახალი რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ რბილი ხორბლისა და ქონდარა ხორბლისაგან მიღებულ ფქვილზე ან მათ ნარევზე, რომელიც შეფუთული, დაფასოებული და განთავსებულია ბაზარზე მოხმარებისათვის. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება უშუალოდ ხორბალზე, მანანას ბურღულზე, სახამებელზე ან იმ ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება
ლუდის წარმოებაში, როგორც დამხმარე საშუალება, ან ხორბლის ფქვილზე, რომელიც გამოიყენება სახამებლის ან წებოგვარას (გლუტენი) წარმოებისათვის, არასასურსათო დანიშნულების ხორბლის ფქვილზე.
რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმპორტზე ზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.

banner
წინა სტატიაში“ჩემი მრჩეველის ვიზიტს რუსეთში რაიმე პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს”
შემდეგი სტატიავაზიანის სასროლეთზე ე.წ. ტანკოდრომი გაიხსნა