„ჰააგამ არაერთი ქვეყნის პირველი პირი გაასამართლა და იგივე ბედი ეწევა ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირსაც“

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ მოქმედებებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს უწოდებს.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის არა მხოლოდ ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია საქართველოს ტერიტორიებისა, ეს არის ეთნიკური წმენდა როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე კოდორის ხეობაში.

„ამას ცხადია საერთაშორისო სასამართლო დაადგენს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ ვერ გაბედა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეეტანა სარჩელი და ეს გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ადამიანებმა, რომლებიც არიან ჩვენ კოალიციაში, მაგალითად თინა ხიდაშელმა, ახლანდელმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა. რაც მათ გააკეთეს, უნდა გაეკეთებინა მაშინდელ ხელისუფლებას და საინტერესოა, რატომ ვერ გააკეთეს“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ახლანდელმა ხელისუფლებამ 2008 წლის ომის გამოძიების მხრივ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის არის მოწმეების დაკითხვაც.

რაც შეეხება საკითხს, აქვს თუ არა ჰააგის სასამართლოს ბერკეტები, ობიექტურად გამოიძიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულები, სუბარმა აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ეროვნულ გამოძიებას.

„დღეს რა ხდება იმ ტერიტორიაზე, ცხადია ჩვენ ვერ გამოვიძიებთ, მაგრამ ჰააგის სასამართლო იმიტომაც არის ჰააგის სასამართლო, რომ მას აქვს უფრო მეტი ბერკეტი, ვიდრე ეროვნულ ხელისუფლებას და გამოძებას შეუძლია. მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. გახსოვთ, რომ რამდენჯერაც მოვიდა ჰააგიდან მოთხოვნა, როგორ ყვიროდა სააკაშვილი, რომ ეს არ უნდა გავაკეთოთო. და რატომ არ უნდა გავაკეთოთ? არ უნდა დაფიქსირდეს ეთნიკური წმენდა? თუ ჰააგის სასამართლო იქნება პრინციპული, მას არაერთი ქვეყნის პირველი პირი გაუსამართლებია და იგივე ბედი ეწევა ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირსაც“, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორი მოსამართლეებისგან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე გამოძიების უფლებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტი ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს,” – თამაზ მეჭიაური
შემდეგი სტატია16 წელს მიღწეული პირების ქორწინება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იქნება დასაშვები