ჯანდაცვის სამინისტრო “სოციალურ პარტნიორობას” პასუხობს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო “სოციალურ პარტნიორობას” პასუხობს. როგორც “თაიმერს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრო, როგორც ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის წარმმართველი ძირითადი უწყება, საერთაშორისო და ქვეყნისშიდა სამართლებრივი აქტებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმირებას ახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს დიდი ზომის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვას და იქ განთავსებული ბავშვების ოჯახური ტიპის ალტერნატიულ მომსახურებებში განთავსებას – დეინსტიტუციონალიზაციას.
“აღნიშნული მიზნით განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, მიღებული იქნა მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. შეიქმნა და სრული დატვირთვით ამოქმედდა ბავშვზე ზრუნვის სოციალური სამსახური. პირველ ეტაპზე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესმა მოიცვა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი სააღმზრდელო დაწესებულებები და რეფორმის დასაწყისში მოქმედი 42 ასეთი დაწესებულებიდან, ამჟამად ფუნქციონირებს მხოლოდ 2 დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის. მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა კი განთავსდა მინდობით აღზრდაში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ან დაუბრუნდა ბიოლოგიურ ოჯახს”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, რეფორმის მიმდინარე ეტაპზე დღის წესრიგში დგება ქვეყანაში მოქმედი ბავშვთა ყველა იმ დაწესებულებების სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამის საკანონმდებლო მარეგულირებელ ჩარჩოებში მოქცევა, რომელთა ამოქმედება თავის დროზე, ერთიანი კოორდინირებული პოლიტიკის არარსებობის გამო, სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ჰუმანიტარული ინიციატივების საფუძველზე განხორციელდა.
“ამ ფონზე განსაკუთრებით მიუღებელია, ახალი ბავშვთა სახლების ამოქმედება, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ფუნდამენტურ ღირებულებებს, ბავშვზე ზრუნვის სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას, არღვევს მოქმედ სამართლებრივ სტანდარტებს და აზარალებს ბავშვთა ჭეშმარიტ ინტერესებს. სამინისტრო ახორციელებს ყველა აუცილებელ ღონისძიებას, რათა ადმინისტრაციული და სამართლებრივი პროცედურების დაცვით, არ დაუშვას ახალი დიდი ზომის ბავშვთა სახლების ამოქმედება და ეტაპობრივად განახორციელოს უკვე მოქმედი ასეთი დაწესებულებებიდან ბავშვების ოჯახურ გარემოში დაბრუნება. ქობულეთში ააიპ “სოციალური პარტნიორობის” მართვის ქვეშ მოქმედი ,,გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი”, მომსახურების შინარსიდან გამომდინარე ეწევა სააღმზრდელო საქმიანობას, რაც მოქმედი კანონმდებლობით ლიცენზირებადია. ააიპ ” სოციალური პარტნიორობას” ქობულეთში, მოქმედ პანსიონზე არ გააჩნია სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია/სააღმზრდელო საქმიანობის უფლება, შესაბამისად სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ მიღებულია გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე. ჩვენ მივესალმებით, თუკი ბავშვები კარგ პირობებში გაიზრდებიან და დაცული იქნება მათი უფლებები, თუმცა, აუცილებელია, ასეთი ტიპის აქტივობები შესაბამისობაში იყოს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოში არსებულ ბავშვზე ზრუნვის მეთოდოლოგიასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად წაკითხვა უნდა ისწავლოს“
შემდეგი სტატიამოსკოვი ბაქოს მილიარდი დოლარის იარაღს აწვდის