ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებს და ახალ ხელმძღვანელს არ აღიარებს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებს და ახალ ხელმძღვანელს არ აღიარებს-ამის შესახებ ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
თანამშრომლები კონკურსისი შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.
„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მოვითხოვთ:
1.გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სრულ უნდობლობას ვუცხადებთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შერჩეულ კომისიას, რადგან:
(1)კომისიის უმეტესობას წარმოადგენდა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული უწყების წარმომადგენლები;
(2)კანდიდატ ბუბა კუდავას სააპლიკაციო საბუთებს – ქართველ და უცხოელ მეცნიერთა მრავალრიცხოვან სარეკომენდაციო წერილებს – კომისიის წევრები არ გაცნობიან;
(3)ამ ფონზე ბუნდოვანი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმებისა და რომელი კონცეფციის საფუძველზე მოხდა დირექტორის კანდიდატის შერჩევა;
(4)არ იყო გათვალისწინებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პოზიცია დირექტორის კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით. კომისიაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პოზიციის გამომხატველი იყო მხოლოდ ერთი პიროვნება, რაც საკმარისი არ იქნებოდა ცენტრის ინტერესების დასაცავად.
2.დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის არჩევის უფლება
ათწლეულების განმავლობაში ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხოლო 2007 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო თავად ირჩევდა დაწესებულების დირექტორს. 2011 წლიდან სამეცნიერო დაწესებულებებს დირექტორის არჩევის უფლება ჩამოერთვა. მოვითხოვთ, გაუქმდეს ამ საკითხთან დაკავშირებით კანონში შეტანილი უსამართლო ჩანაწერი და დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მიერ არჩეულ სამეცნიერო საბჭოს უფლება, თავად აირჩიოს ის ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიულად ხედავს ცენტრის განვითარების პერსპექტივას.
3.შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერ აცნობიერებს იმ ფუნქციებსა და პასუხისმგებლობას, რომელიც მას ეკისრება, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელ უწყებას. მოვითხოვთ, გადაეცეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი ფუნქცია საქართველოს პარლამენტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარეობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსი, რომლის შედეგად ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძე აირჩიეს.

banner
წინა სტატიაში,,უკრინფორმა,, სააკაშვილს ვიდეო-მტკიცება გამოუქვეყნა (+VIDEO)
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: თუ ივანიშვლს ჰგონია, რომ ხალხი ღარიბაშვილზე გაბრაზდება და ბიძინას მადლობელი დარჩება, ძალიან ცდება”