“ხელისუფლება საკუთარ კეთილდღეობაზე მორგებულ ბიუჯეტს გვთავაზობს”

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილმა ბიუჯეტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ მთავრობას არაფრის შეცვლა არ შეუძლია და არც არაფრის შეცვლას აპირებს.

როგორც ბურჯანაძე აცხადებს, ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ ლარის საანგარიშო კურსი ბიუჯეტში ჩადებულია 2.4-ის მიხედვით, რაც მინიმუმ იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება შეგუებულია ლარის ამ კურსს და ცდილობს მოსახლეობაც ამ კურსზე გადაიყვანოს.

„ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისათვის, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, ვითარება კიდევ უფრო გართულდება და უკეთესობას ნამდვილად არ უნდა ველოდოთ. არადა ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რომ ლარის კურსის დასტაბილურებას შეძლებდა. გარდა ამისა, სრულიად ნათელია, რომ ის დაპირებები, რომელიც ეხებოდა ე.წ ქამრების შემოჭერას, მხოლოდ ცარიელ დაპირებად დარჩა. შრომის ანაზღაურების მუხლში, რომელშიც შედის ხელფასები, პრემიები და დანამატები, ხარჯი იზრდება 57 მილიონი ლარით, თუმცა, ამავდროულად ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ეს ხელფასები უნდა მიიღონ, შემცირებულია 610 ადამიანით. ესეც მინიმალური შემცირებაა იმ გაზრდილი ბიუროკრატიის ფონზე, რომელსაც ვხედავთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ათიათასობით პრემია, რომელიც გაუგებარია რაში იწერება, ხელისუფლებას კიდევ უფრო გაეზრდება,“ – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ასევე იზრდება ხარჯი საქონლისა და მომსახურების დარგში, იმ მუხლში, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელთა მივლინებებს, ოფისის, საწვავსა და ჩინოვნიკების შენახვაზე გაწეულ ხარჯებს ითვალისწინებს. ბურჯანაძემ აქვე დასძინა, რომ წელს ეს ხარჯი არის 1 მილიარდი ლარის ტოლი და არის 70 მილიონიოთ მეტი გასულ წელთან შედარებით.

„ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ისეთ ფუფუნებაში არიან ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რაზეც ვერც კი იოცნებებდნენ საუკეთესო სიზმარშიც, კიდევ უფრო იუმჯობესებენ თავიანთი ყოფის პირობებს, მაშინ, როდესაც ჩვენი მოსახლეობა ყოველდღიურად უფრო და უფრო ღატაკდება. იზრდება ხელფასები,

პრემიები და დანამატები და არც ერთი თეთრით არ იზრდება პენსიისთვის განკუთვნილი თანხის რაოდენობა. ეს მაშინ, როდესაც გვპირდებოდნენ, რომ პენსია 200 და 250 ლარი იქნებოდა. თუ ჩვენი პენსიონრები ჯერ კიდევ 2 წლის წინ 90 $-ის ექვივალენტს იღებდნენ პენსიად, დღეს ეს თანხა 60 $-ის ექვივალენტია. ეს ყველაფერი იმ ფონზე, როცა ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტისა და მედიკამენტის ფასი გაზრდილია, აღარაფერს ვამბობ კომუნალურ გადასახადებზე,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის განმარტებით, ბიუჯეტში ისევ გათვალისწინებულია დიდი ოდენობით სესხის აღება, რაც 1,3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ საშინაო ვალი იზრდება 200 მილიონით, ხოლო საგარეო ვალი 1,1 მილიარდით.

„ქართული ოცნება“, რომელიც გვპირდებოდა, რომ ვალების გასტუმრებას დაიწყებდა, კვლავ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხარჯზე აპირებს საბიუჯეტო ხარჯების გაწევას”,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, ძალიან ბევრი რამის გაკეთება იყო შესაძლებელი „ქართულ ოცნებას“ რომ ამის ცოდნა, გამოცდილება, კომპეტენცია და უნარი ჰქონოდა. კერძოდ, გატარებული იქნებოდა საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი შემცირების პოლიტიკა, რაც ოპტიმიზაციას გულისხმობს.

„ასეულობით მილიონი ლარის მოძებნა შეიძლება დღევანდელ ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების გარეშე, რომელიც შესაძლებელია გადასროლილი იქნას სოციალური ხარჯებისათვის. შესაძლებელია შემცირდეს უზომოდ გაზრდილი ბიუროკრატიის ხარჯი დაწყებული იმ გუბერნატორებიდან, რომელთა ფუნქციაც საერთოდ გაუგებარია, გაგრძელებული პარალელური სამინისტროებით, რომლებიც არაფერს აკეთებენ; საბიუჯეტო ხარჯები შემცირდებოდა საოფისე და სამივლინებო ხარჯების საფუძველზე და, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა გაცემული ის ზღვარგადასული პრემიები, რომელიც ჩვენი პენსიონერების ხარჯზე გაიცემა. დიახ, ამას ყველაფერს და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებდით, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში და გვიწევს კომენტარი გავაკეთოთ იმაზე, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ხელისუფლება კი გვთავაზობს არა ხალხის პრობლემების მოგვარებაზე გათვალისწინებულ, არამედ, საკუთარ კეთილდღეობაზე მორგებულ ბიუჯეტს, რომელიც ხელისუფლების გაძლიერებისა და შენარჩუნებისკენაა მიმართული და რომელიც ქვეყნის წინსვლას ვერანაირად უზრუნველყოფს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3931 ლარი გახდა
შემდეგი სტატია“გაუგებარია ამდენი მოთხოვნის შემდეგ რატომ არ შეცვალა “NDI”-მ კონრაქტორი კომპანია”