ხარბი და არასეხლმწიფოებრივად მოაზროვნე მინისტრები უნდა გადააყენონ – აცხადებს პროფესორი იაშა მესხია

1480708_883780614967483_6788411420915302179_nთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კათედრის გამგე იაშა მესხია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ სიტუაცია და ამ სიტუაციის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას აკრიტიკებს… მესხიას აზრით, ქვეყანას არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე, ხარბი მინისტრები და მათი მოადგილეევი ყავს, რომლებიც შექმნილ მძიმე სიტუაციას ვერ გამოასწორებენ… მესხიას აზრით ისინი სასწრაფოდ უნდა გადააყენონ… პროფესორი, ასევე თავაზობს მთავრობას, ,,ქამრების შემოჭერის,, პოლიტიკასთან დაკავშირებით, ღონისძიებათა ათ პუნქტიან გეგმას…
,,ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დღითიდღე იძაბება. სიმშვიდე დიდი ხანია არ ყოფილა, მაგრამ ახლა ირგვლივ ყველაფერი მწვავდება. ამაში დიდი როლი ითამაშა ეკონომიკურმა ტურბულენტობამ. საზოგადოებას დიდი მოლოდინი ქონდა უკეთესობის და პირიქით მოხდა. ამის მრავალი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორია, მაგრამ მათ შორის მთავარი მაინც ზოგიერთი (საკმაოდ მრავალი) მაღალი თანამდებობის მოხელეების სიხარბე და არასახელმწიფოებრივი აზროვნებაა. როგორც სოციალური ქსელებიდან ირკვევა, ზოგიერთი მინისტრი და მინისტრის მოადგილეები უზომოდ მაღალ ხელფასს, პრემიებს და დანამატებს იღებენ. მერე გამოდიან და იმით იმართლებენ თავს, რომ წინა ხელისუფლება უფრო მეტს იღებდაო. ეს უნიჭო დემაგოგიაა და თავხედობაა, სხვა ვერაფერს დავარქმევდი. უფრო მეტიც, ზოგიერთი პირველი პირის მოადგილე მინისტრზე მეტ ანაზღაურებას იღებს და არ რცხვენია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ჩინოვნიკები დაუყონებლივ გადასაყენებელია თანამდებობიდან.
ერთი რამ მიკვირს ძალიან. რატომ უყოფს სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტი ორგანიზაციებს ამხელა მაღალ, გაბერილ სახელფასო ასიგნებებს. მახსოვს ადრე სახელფასო ფონდი მკაცრად იყო შემოსაზღვრული და მისი გაზრდა სხვა საბიუჯეტო ასიგნებების ხარჯზე დასჯადი იყო. ახლა სრულადაა მიშვებული და არავინაა გამკონტროლებელი. ან საიდან შემოვიდა დანამატების კატეგორია და ვინაა მისი ავტორი.
ფინანსთა სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე შემდეგი რამ ვთქვი „სირცხვილია მინისტრები და მოადგილეები იღებდნენ ასი ათასობით ლარს ხელფასის, პრემიებისა და დანამატების სახით იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა“. (მოგვიანებით ჯვარს მაცვეს. არადა არავის გვარი არ დამისახელებია, მიმტკიცებდნენ თითქოს მინისტრმა თქვა, რაც არ მჯერა. რატომ მოიგონებდა ტყუილს). რაც შეეხება მინისტრის მოადგილის მიერ პირველ პირზე გაცილებით მაღალი ანაზღაურების მიღებას, ეს ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქვყანაში არ ხდება. ეს სხვა რომ არაფერი, უზნეობაცაა. მე ამ აზრზე ვრჩები დღესაც. ვისაც გწყინთ, გეწყინოთ. თქვენ სახელმწიფომ დაგიქირავათ და სახელმწიფოებრივად უნდა აზროვნებდეთ და მოქმედებდეთ. მთავრობის მიმართ სასაყვედურო კიდევ ბევრია. დღეს ზოგიერთ სამინისტროში მდივნებსაც კი (ახლა თანაშემწე ან მრჩეველი ეწოდებათ) ჯიპებით დაატარებენ. პრემიერ-მინისტრმა სულ ახლახან გამოსცა სამინისტროებში ავტოპარკის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც ქაღალდზე დარჩა და ყველა სამინისტრომ შეინარჩუნა ძვირადღირებული ავტოპარკი. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ევროპის განვითარებულა ქვეყნებში (გერმანია, საფრანგეთი, იტალია) მაღალი სახელმწიფო უწყების მხოლოდ პირველ პირებს ემსახურებათ სახელმწიფო მანქანა.
პრობლემურია და უკონტროლოა ბენზინის განაწილების საკითხი. ათასობით ლიტრი გაიცემა ყოველთვიურად, რომელიც მერე საჩუქრდება ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, ნაცნობებზე და ა.შ. ამას ემატება სხვადასხვა მომსახურების ტალონები, რაზედაც მილიონობით საბიუჯეტო სახსრები იხარჯება.
ამას წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოველწლიურად წარმომადგენლობით ხარჯებზე მიდის 147 მილიონი ლარი. თუ ეს სიმართლეა საგანგაშოა. 2004-2008 წლებში წარმომადგენლობით ხარჯებზე კონტროლის პალატას მკაცრი მონიტორინგი ქონდა დაწესებული. მე კარგად მახსოვს, სტუმრებს ხშირად ჩვენი უნიშვნელო ხელფასიდან ვუმასპინძლდებოდით (პრემიებზე და დანამატებზე საუბარი მაშინ ზედმეტი იყო).
ლარის კურსის გაუფასურებამ ხელისუფლება გამოაღვიძა და ეს ძალიან კარგია. მიდის ანტიკრიზისული სავალუტო ღონისძიებების შემუშავების პროცესი. ეს რთული და მწვავე პრობლემაა. მის დასაძლევად საჭიროა ორხელისუფლიანობის დაძლევა, ხელისუფლების შტოებს შორის კოორდინირებული მუშაობა და რაც ყველაზე მთავარია სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქმედება. ამ მიმართულებით მთავრობა ერთ-ერთ ღონისძიებად “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას ასახელებს. მისაღებია და ამ მიმართულებით მუშაობამ არ უნდა მიიღოს პიარ კამპანიის სახე და იგი ფაქტობრივად უნდა განხორციელდეს. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით უნდა გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
1. სახელმწიფო და მუნიციპალურ ბიუჯეტებში მკაფიოდ და ზუსტად გაიწეროს სახელფასო ფონდი. დროებით მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს პრემიებზე. გაუქმდეს ხელფასზე ყოველგვარი დანამატები.
2. მთავრობამ მკაცრი კონტროლი დააწესოს სამანქანო პარკის გამოყენებაზე. საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველი პირების, მინისტრების, მოადგილეებისა და ზოგიერთი დეპარტამენტის (არა ორ-სამ კაციანი-ასეთები ბევრია) გარდა ყველა ქვემდებარე რგოლების ხელმძღვანელების მანქანები დაექვემდებაროს პრივატიზაციას (გამონაკლისი ძალოვანი სტრუქტურები).
3. მანქანებზე საწვავი გამოიყოს გარბენის შესაბამისად და მასზე განხორციელდეს მკაცრი კონტროლი.
4. მინისტრებს და სხვა მაღალი თანამდებობის მოხელეებს, რომლებმაც აიღეს დიდი რაოდენობით პრემია და დანამატები, მიეცეთ გაფრთხილება, ხოლო მოადგილეებს, რომლებმაც უფრო მეტი ანაზღაურება მიიღეს გათავისუფლდნენ თანამდებობიდან.
5. განახევრდეს წარმომადგენლობითი ხარჯები. აიკრძალოს რესტორნებთან წინასწარი ხელშეკრულებების დადება, რადგან ხდება ამ სახსრების ბოროტად გამოყენება. აიკრძალოს სამინისტროებსა და უწყებებში მაცივრების მინერალური და ტკბილი წყლებით, წვენებით და ხილით ამოვსების პრაქტიკა. კონიაკი კი ბატონო. იქონიეთ, ოღონდ თქვენი ჯიბიდან ნაყიდი.
6. აიკრძალის სადღესასწაულო საჩუქრების გაგზავნა მართვის ზედა და ქვედა რგოლებს შორის. საოცარი რამ ხდება საახალწლოდ. უზარმაზარი სახელმწიფო სახსრები იხარჯება ერთმანეთის გულის მოსაგებად და გუნდრუკის საკმევად.
7. აიკრძალოს სახელმწიფოს ხარჯზე სადღესასწაულო მისალოცი ბარათებისა და სხვა საკეკლუცო ნივთების დაგზავნა. ეს კომუნისტური გადმონაშთია. თუ გინდათ თქვენივე ჯიბიდან მიულოცეთ ვისაც გინდათ. თანაც ეს ძვირფასი ბანტებიანი ბარათები შეავსეთ ხელით. ეს უფრო მეტი პატივისცემაა, ვიდრე მრჩევლისა და თანაშემწის მიერ სტანტარტული ტექსტის კომპიუტერზე აწყობა ან სტამბურად დამზადებულზე ფაქსიმელიის დასმა.
8. აიკრძალოს სახელმწიფოს ხარჯზე ყოველგვარი უაზრო პიარ-კამპანიები. მოხუცებთან, ბავშვებთან, უნარშეზღუდულებთან ბიუჯეტის ფულით ნაყიდი საჩუქრებით და სატელევიზიო ბატალიონებით სიარული. ვისაც მეცენატობით თავის გამოჩენა უნდა, კეთილი ინებოს და თავისი ჯიბიდან გაიღოს ხარჯები.
9. მკაცრად შემოისაზღვროს სამივლინებო ხარჯები. ჩინოვნიკების უმრავლესობა ყოვლად უსაფუძვლოდ მუდმივ მივლინებაშია, გარკვეული ნაწილი სარგებლობს “შეფის” კეთილგანწყობით და ტურისტის როლში გამოდის. აიკრძალოს ბიზნეს კალასით მგზავრობა (გამონაკლისი-უმაღლესი თანამდებობის პირები).
10. განისაზღვროს მაღალი თანამდებობის იმ პირების ჩამონათვალი, რომლებსაც ობიექტურად ეკუთვნით სახელმწიფო დაცვა. ასეთი ნუსხა არსებობს, მაგრამ ფაქტობრივად თითქმის ყველა მაღალი რანგის ჩინოვნიკი “დაცვით” დადის, რომლებიც გაფორმებულია სპეციალისტად ან მრჩევლად. დამერწმუნეთ აშშ სახელმწიფო აუდიტორული პალატის უფროსი დაცვის გარეშე დადის. რა უბედურებაა. აქ ჩვენთან ასეთი მტრები საიდან გაიჩინეთ, რომ მოსაკლავად დაგდევენ. ამ საქმეში აუცილებელია წესრიგის დამყარება.
და კიდევ სხვა მრავალი, რაც მე არ გამახსენდა. მომიტევეთ თუ ვინმეს გაწყენინეთ, მაგრამ მაგრად მტკივა გული, რომ ქვეყნის მართვას ვერ მოვაბით თავი. ისე ლარიც დაწყნარდება უთუოდ და ქვეყანასაც ეშველება, თუ სახელმწიფო მენეჯმენტი იქნება ეფექტიანი და გონივრული. უფალი გფარავდეთ!!!,, აცხადებს პროფესორი იაშა მესხია.

banner
წინა სტატიაშირუსეთში მწვანილის ექსპორტის დაწყებაზე შეთანხმება მიღწეულია
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალა დეპარტამენტს ირაკლი ნადარეიშვილი უხელმძღვანელებს