წყნეთი-ბეთანიის გზაზე უწყებათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა

13 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისო კომისიის სხდომა წყნეთი-ბეთანიის გზაზე გაიმართა.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის ფარგლებში გაცემული დავალებების შესრულება მიმდინარეობს.
“ოჯახების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ოჯახების დაკმაყოფილება. შემდეგი პრიორიტეტი იყო დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ დაზიანებული გვირაბის ადგილას გაგვეკეთებინა სახიდე გადასასვლელები, ეს პროექტი დამტკიცებულია. ამის დაფინანსება მივიღეთ ცენტრალური მთავრობისგან. გარდა ამისა, ხორციელდება გზის აღდგენის სამუშაოები, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა, როგორც დღე, ისე ღამე. მიმდინარეობს ხიმინჯების მოწყობა, სახიდე გადასასვლელების მოწყობის შესაბამისი სამუშაოები, იგება გზის საფარი. დაზიანებული და გამორეცხილი მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე ინფორმაციით, გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა საკმაოდ ღრმა ანალიზი ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით. როგორც ნარმანია აღნიშნავს, გასვლითი სხდომა იმიტომ დაიგეგმა, რომ ადგილზე დაეთვალიერებინათ რა მდგომარეობაა.
“გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდან არის დასკვნა და რეკომენდაციები. უკვე კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კომისიის ფორმატში და დავიწყოთ ამ ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავება, რათა ისევ არ მივიღოთ რაიმე სახის არასასურველი ზიანი. უნდა დავიწყოთ სამუშაოები, რათა ეს გზა გაიწმინდოს. მნიშვნელოვანია კოორდინირებულად ვიმუშაოთ სამ უწყებასთან”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“ ზუგდიდის მერიას დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით მიმართავს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტროს ფუნქციაა სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფა