„წყნეთის ქუჩაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ბეტონის დამცავი კედლის აღმართვა გადაწყდა“

ირაკლი ღარიბაშვილი - გამოვარჩიოთ ჟურნალისტები, რომლებიც 13 ივნისის ღამეს მუშაობდნენ ყველაზე ცხელ წერტილში და დავაჯილდოვოთ

დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა.

პრემიერის თქმით, ყველა დაზიანებულ უბანზე დილიდან განახლდა გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები, ღამის საათებში ამინდის გაუარესებას არ გამოუწვევია პრობლემები, ხოლო სტიქიის ზონაში კვლავ შეყვანილია გვარდიის დანაყოფები და მოხალისეები.

„მიმდინარეობს დაზიანებული შენობების ექსპერტიზა-შემოწმება უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. წყნეთის ქუჩაზე სპეციალისტების მიერ აღნიშნულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ბეტონის დამცავი კედლის აღმართვა გადაწყდა. დღის მანძილზე მოხდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკის შემოყვანა, რომლითაც მოხდა კლდის გარკვეული ნაწილის ჩამოჭრა მდინარე ვერეს კალაპოტში ამ მონაკვეთზე არსებულ გვირაბთან, რითაც შეიცვალა მდინარის დინება და მისი ნაკადი უშუალოდ აღარ ეხება ნაპირს, სადაც უნდა დაიწყოს დამცავი კედლის მშენებლობა. თბილისის მეტროპოლიტენმა ბოლო დღეებში მგზავრთა ნაკადის გაზრდის გამო 8 ვაგონის დამატების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დახმარების მნიშვნელობას, რომელიც ევროკომისიამ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გრანტის სახით გამოყო და რომლის ოდენობა 3 მილიონ ევროს შეადგენს.

მისივე თქმით, დაზარალებულთა დასახმარებლად და სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის ამ დროისთვის მობილიზებულია დაახლოებით 15 მილიონ 200 ათასი ლარი.

პრემიერმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც განუზომელი წვლილი შეაქვთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში, მათ შორის – მოხალისეებს, სამხედროებს, სპორტსმენებს და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპული 18 ადამიანის ოჯახს და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 4 პირი მიიჩნევა.

banner
წინა სტატიაში„როდესაც შეცდომა მოგვდის, ეს ყველამ უნდა გადავინაწილოთ“
შემდეგი სტატიასტიქიის დროს დაკარგულ 27 წლის სერგო კაპანაძეს ისევ ეძებენ