წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები დაბინავდნენ

საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებული ბავშვები მშობლებთან ერთად წყნეთის სამთავრობო აგარაკზე დროებით დაბინავდნენ.

გიორგი კვირიკაშვილი დავით ნარმანიასთან ერთად დღეს წყნეთის სამთავრობო რეზიდენციაში იმყოფებოდა.

“წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზე დღეს გამოვუყავით აგარაკები ახალდაბაში მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებიც სტიქიისგან დაზარალდნენ. აქ არის დაახლოებით ოცამდე ბავშვი მშობლებთან ერთად. ჩვენ კიდევ ვაწარმოებთ დაზარალებული ოჯახების აღრიცხვას და შეიძლება მათ რამდენიმე ოჯახი კიდევ დაემატოს. ეს ადამიანები აქ, კომფორტულ გარემოში დარჩებიან იქამდე, სანამ სოფელ ახალდაბაში სტიქიის შედეგები არ აღმოიფხვრება. ადგილზე მუშაობენ სპეციალური ბრიგადები, დღეს პრემიერ-მინისტრიც გახლდათ ახალდაბაში და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ოჯახების საცხოვრებლებს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს, უპირველეს ყოვლისა, აღდგეს გზა და კომუნიკაციები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ახალდაბაში დაზარალებულ ოჯახებს წუხანდელი ღამის გასათევად თბილისის მერიამ და ვაკე-საბურთალოს გამგეობამ მოუძებნეს ფართი, დღეს კი ეს ოჯახები უკვე წყნეთში იმყოფებიან, სადაც მათი ნორმალური ცხოვრებისთვის ყველაფერი უზრუნველყოფილია.

“აქ ყველა პირობა იქნება იმისთვის, რომ ბავშვებმა მორალურადაც რეაბილიტაცია გაიარონ, მათ საკმაოდ სტრესული ღამე გამოიარეს. რაც შეეხება აქ მათ ყოფნას, ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებმა შეაგროვეს თანხა და როგორც ჩვენი სამინისტროს, ასევე სხვა უწყებების წარმნომადგენლებმა აქ ამოიტანეს საჭირო სურსათი, ასევე სამედიცინო საშუალებები. არის ადამიანების ძალიან დიდი კონსოლიდაცია, რაც ძალიან მახარებს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

დავით ნარმანიას თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ და მისმა პარტნიორებმა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს, რადგან ბავშვებმა გუშინდელი ღამე ოჯახ-სასტუმროში გაატარეს, დღეს კი მათ უკეთესი პირობები აქვთ და უკეთეს გარემოში იქნებიან.

“ამ ადამიანებს მოუწევთ გარკვეული პერიოდი აქ დარჩენა, რადგან მათ საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზა ძალიან არის დაზიანებული და მის აღდგენამდე ისინი იქნებიან ყველაფრით უზრუნველყოფილნი. როცა იქნება მათი სოფლისკენ თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი, ისინი დაუბრუნდებიან მშობლიურ სახლებს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვიცე-პრემიერთან და ქალაქის მერთან ერთად წყნეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა, ასევე საქართველოს ფოსტისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც სტიქიისგან დაზარალებულ ბავშვებსა და მშობლებს სურსათი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ჰიგიენური ნივთები და სათამაშოები მიუტანეს.

banner
წინა სტატიაშიგარდაცვლილთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
შემდეგი სტატიამიწაში დამარხული სასაწრაფოს მანქანა ნაპოვნია