“წლის მეორე ნახევარში, გაცვლით კურსზე მაკროეკონომიკური დატვირთვა, არ იქნება”

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი წარმოადგინა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხადურმა აღნიშნა, სამინისტროს უკვე აქვს 7 თვის შედეგები და უკვე დაწყებულია მუშაობა მომავალი წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე.

“უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი გამოირჩევა განსაკუთრებული ხარჯვის ტენდენციით. ჩვენ ერთმანეთს შევადარეთ 2009 წლიდან 2015 წლის ჩათვლით შემოსულობები, გადასახდელები და დეფიციტი. თუ 2009 წელს დეფიციტი იყო 9%-ზე მაღალი, შემდეგ დაიწყო მისი შემცირების ტენდენცია, მაგრამ მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა პრობლემის საპასუხოდ, იცით რომ წელს დავაფიქსირეთ 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი. ჩვენი შემოსულობები მთლიანად იქნება წელს 10 მილიარდ 665 მილიონი ლარი, ხოლო გადასახდელები იქნება 10 მილიარდ 160 მილიონი ლარი. ამასთან, გასული წლის 7 თვეში შემოსულობები იყო 5 მილიარდ 169 მილიონი, ხოლო წელს 6 მილიარდ 167 მილიონი ლარი. რაც შეეხება გადასახდელებს, გასულ წელს იყო 5 მილიარდ 126, წელს კი 5 მილიარდ 704 ლარი. წელს პირველ და მეორე კვარტალში გვაქვს ბიუჯეტის ყველაზე მაღალი ხარჯვა, ხოლო მეოთხე კვარტალში გვექნება ყველაზე ნაკლები ხარჯვა, რაც ოდესმე სახელმწიფო ბიუჯეტს ჰქონია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ წლის მეორე ნახევარში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაირი მაკროეკონომიკური დატვირთვა, მათ შორის გაცვლით კურსზე, არ იქნება. ბიუჯეტი იხარჯება თანაბრად”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

banner
წინა სტატიაში“დელტა” გარემოს დაცვის სამინისტროს დახმარებას გაუწევს
შემდეგი სტატიასაქსტატის მონაცემებით, ივლისში საკვები პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოებაზე ფასები შემცირდა