„ცხინვალის რეგიონი იქცა „შავ ხვრელად“ და ერთ-ერთ ყველაზე ძნელად შეღწევად ადგილად დედამიწაზე“

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ადმიანის უფლებათა მდგომარეობა და ჰუმანიტარული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ არასტაბილურია.

მინისტრმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის თემატურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებზე შეაჩერა.

“ადმიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ არასტაბილურია. სამოქალაქო მოსახლეობა მოკლებულია საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვის, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების მინიმალურ გარანტიებს. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები კვლავ მნიშვნელოვნად აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და ზღუდავს მათ სამოქალაქო, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს”. – განაცხადა მინისტრმა.

გაეროს თემატურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა ასევე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

“განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ოკუპირებულ რეგიონებში არ მოქმედებს არც ერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი მრავალგზისი მცდელობისა, კვლავ უარს ეუბნებიან აღნიშნულ რეგიონებში შესვლაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისრის ნავი პილაის თქმით, რომელსაც ასევე უარი უთხრეს შესვლაზე, ცხინვალის რეგიონი იქცა „შავ ხვრელად“ და ერთ-ერთ ყველაზე ძნელად შეღწევად ადგილად დედამიწაზე, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებს შესვლის არანაირი შესაძლებლობა არ ეძლევათ“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებთან ნდობის აღდგენასა და უთანხმოებების აღმოფხვრის საქმეებს.

“სრულად ვაცნობიერებთ, რომ შერიგების პროცესი, რომელიც კონფლიქტის შეწყვეტისკენაა მიმართული, ყველა მხარის უდიდეს ძალისხმევასა და თავდადებას საჭიროებს და მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში”, – აღნიშნა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ხელისუფლება არაფერ შუაშია, 2 სუბიექტს შორის მიმდინარეობს დავა“
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის ადვოკატების სამი შუამდგომლობიდან არც ერთი არ დაკმაყოფილდა