ჩიორა თაქთაქიშვილი: ბატონო ვახტანგ, გესმით, საერთოდ რა თანამდებობაზე ინიშნებით

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომლის ხელში გადავიდა მთლიანად მოსმენების სისტემა. ამის შესახებ ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილს ყური აქვს მიდებული ნებისმიერი ადამიანის სალაპარაკოსთან, აზრებთან, მაშინ როდესაც ისინი აკრიტიკებენ ივანიშვილს. რაც დრო გავა, ყოველდღიურად, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, მისი მოხსენიება ზრდილობიანი თუ უხამსი ეპითეტებით კიდევ უფრო მოიმატებს. ასე ,რომ ბატონო ვახტანგ, ძალიან მძიმე სამუშაო მოგელით, თანაგიგრძნობთ”, -მიმართა დეპუტატმა გომელაურს.
მისი თქმით, ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალადობა აღეკვეთა.
როგორც თაქთაქიშვილმა აღნიშნა, მას არ უკვირს უმრავლესობის წევრების სიხარული ვახტანგ გომელაურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოტსზე წარდგენის გამო.
“მაგრამ თქვენ უნდა იცოდეთ ბატონო ვახტანგ, რომ ეს სიხარული და ეს ყველაფერი თქვენ არ გეკუთვნით. ეს ეკუთვნის თქვენს პატრონს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საკუთარი ინტერსების გასატარებლად დაგნიშნათ ამ პოსტზე. თქვენი საქმიანობა უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საერთოდ, გესმით რა არის ეროვნული უსაფრთხოება ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ არაუშავს, თუკი ოკუპანტი შემოიჭრება და სტრატეგიულ მილსადენს მოუახლოვდება, იმიტომ, რომ თურმე ის მილსადენი ღრმად არის ჩაფლული მიწაში. გესმით, საერთოდ რა თანამდებობაზე ინიშნებით და რა პასუხისმგებლობას იღებთ. დაიმახსოვრეთ, რომ ეს ადამიანი მალე თავის შუშის კოლბაში აღარ იჯდება და მერე რას აპირებთ”, – მიმართა ჩიორა თაქთაქიშვილმა ვახტანგ გომელაურს.

banner
წინა სტატიაშიჩხუბი თვითმფრინავში, ჰონგკონგ-ვლადივოსტოკის რეისზე… (VIDEO)
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლება რუსეთთან დიალოგს არ დაიწყებს, საზღვრის გადმოწევის პროცესი გაგრძელდება