ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული

amashishჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული პროცესში მონაწილე ყველა სტრუქტურის პირველი პირების – ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა გეგმით უზრუნველყოფს ხელისუფლება ქვეყანაში სავალუტო სტაბილურობას, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედთან” საუბარში ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას აპირებს თუ არა ქვეყნის პირველი პირი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას.

აბაშიშვილის განმარტებით, პრეზიდენტი შესაბამისი მომართვის შემდეგ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხს განიხილავს, მაგრამ, მისივე შეფასებით, ასეთ სხდომას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მასზე როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იქნება წარმოდგენილი.
“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული პროცესში მონაწილე ყველა სტრუქტურის პირველი პირების – ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მხრიდან. საქართველოს პრეზიდენტი განიხილავს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის საკითხს, შესაბამის მომართვას ჩვენ უნდა გავეცნოთ, მაგრამ რიგგარეშე სხდომას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მასზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამ შემთხვევაში იქნება საუბარი კვალიფიციური და ამ შემთხვევაში შეგვეძლება ჩვენ ბევრ კითხვას გავცეთ პასუხი”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის მრჩევლის თქმით, პრეზიდენტის თვითმიზანი არ არის ანტიკრიზისული გეგმა მაინცდამაინც მას წარუდგინონ, არამედ მისი მიზანია ამის შესახებ საზოგადოება იყოს ინფორმირებული.
“როცა საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებს, მათი მხრიდან წარმოდგენილი იქნა რამდენიმე პრინციპი სავალუტო სტაბილიზაციის შესახებ, მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში იყო სწორედ ის, რომ თავად მთავრობის წევრთა მხრიდან იქნა დასახელებული კონკრეტული პერიოდი, როდესაც იქნებოდა მსგავსი ტიპის გეგმა წარმოდგენილი. ინსტიტუტებს რომ პატივი უნდა ვცეთ ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა იყო საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მიზანი? – პრეზიდენტის თვითმიზანი არ არის ეს გეგმა მას წარმოუდგინონ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარმოადგინონ. პრეზიდენტის მთავარი მიზანი ამ თვეების განმავლობაში, რაც სავალუტო კრიზისის ნიშნები შეინიშნება არის ის, რომ მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა და ეროვნულმა ბანკმა მოახერხონ უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობა და შემდგომ ინფორმაციები მიაწოდონ საზოგადოებას”, – განმარტა პრეზიდენტის მრჩეველმა.

გიორგი აბაშიშვილი ფინანსთა მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მთავრობის წინაშეა პასუხისმგებელი და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაცია 5 მარტს სწორედ მას მიაწოდა. აბაშიშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეახსენა, რომ თანამდებობის ყველა პირს მთავარი ანგარიშვალდებულება სწორედ საზოგადოების მიმართ აქვს.

“ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც მინისტრები, ისე მთლიანად მთავრობა საზოგადოების წინაშე ვართ ვალდებულნი. ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს ვისაუბროთ არა ერთმანეთის წინაშე ანგარიშვალდებულებაზე, არა ანტიკრიზისული გეგმის ერთმანეთისთვის გაცნობაზე, არამედ ამ გეგმის საზოგადოებისთვის წარდგენაზე. რაც შეეხება აჟიოტაჟს – როცა საუბარია ჟიოტაჟზე, რა იწვევს აჟიოტაჟს? აჟიოტაჟს სინამდვილეში იწვევს არაინფორმირებულობა. აჟიოტაჟი მაშინ ჩაცხრება, როცა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ეცოდინება, რადგან საზოგადოება დაზარალდა ამ პროცესით ყველაზე მეტად”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა დაადასტურა ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადება, რომ მასთან ორი დღის წინ მთავრობის სამოქმედო გეგმის შესახებ საუბარი ჰქონდა, თუმცა როგორც აბაშიშვილმა განაცხადა, მთავარი საზოგადოების ინფორმირებაა, რადგან უბრალო მოქალაქეებისთვის ნაკლებად არის მნიშვნელოვანი რას საუბრობენ თანამდებობის პირები.

“მე პრეზიდენტის დავალებით მუდმივად მაქვს კომუნიკაცია როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან, ისე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რას ვსაუბრობთ მე და კვირიკაშვილი, ან მე და მთავრობის სხვა წევრები. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია დღეს რა გეგმა აქვს საქართველოს მთავრობას ეროვნულ ბანკთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს სავალუტო სტაბილურობას ქვეყანაში. კრიზისი როცა დგება, სწრაფადაა საჭირო ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა, სწრაფადაა საჭირო საზოგადოების ინფორმირება. როდემდე უნდა ვისაუბროთ, რომ ვალუტის გაცვლითი კურსის დროს სპეკულაციური რისკები, ინფლაციური მოლოდინები და გარკვეული ტიპის პანიკაა? შეიძლება 4 თვე პანიკის წილი იყოს ვალუტის გაცვლით კურსში? ზუსტად იმიტომ არის პანიკის წილი, რომ საზოგადოებას არ აქვს სათანადო ინფორმაცია. როგორც კი საზოგადოებას ექნება სათანადო ინფორმაცია, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი იქნება მოხსნილი დღის წესრიგიდან”, – განაცხადა აბაშიშვილმა, რომელმაც “ღრმად არასერიოზული” უწოდა მთავრობის ეკონომიკური გუნდისადმი პრეზიდენტის მოწოდებაზე კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილის შეფასებებს იმის თაობაზე, რომ “ვიღაცას ქვეყნის დანგრევა სურს”.

banner
წინა სტატიაშისოფელ დარჩელში მგელი მოკლეს.
შემდეგი სტატიამინსკის ბოლო გაფრთხილება-სამშვიდობო მოლაპარაკებების დარღვევისთვის პასუხს რუსეთი აგებს