“ჩვენ აქედან საქართველოს ვიცავთ” – ე.წ. საზღვართან მდებარე სოფელში შიშით ნათენები ღამეები

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ქალაღალი ე.წ. საზღვართან მდებარე ბოლო სოფელია. გზად მიმავალი ვფიქრობდი, რომ იქ ნასახლარები და თითზე ჩამოსათვლელი მოსახლე დამხვდებოდა. საშინელ გზაზე მგზავრობისას უკან გაბრუნებაც კი დავაპირეთ. მაშინ ვერც წარმოვიდგენდი თუ მოგვიანებით ნანახი გაბრუნებაზე ფიქრს მანანებდა.

ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩვენს წინ წალკოტი გადაიშალა. საქართველოში ბუნების სილამაზე და სიმწვანე რა გასაკვირია, მაგრამ მე და ჩემი კოლეგა ემოციებს ვერ ვმალავდით. მთებში, მწვანეში ჩაფლულმა სოფელმა გულში ჩაგვიხუტა. თბილისის გადატვირთული ქუჩებითა და მოწამლული ჰაერით გადაღლილებს, არც კი გვჯეროდა, რომ მიწიერ სამოთხეში ვიმყოფებოდით.

"ჩვენ აქედან საქართველოს ვიცავთ

სოფელში 25 ოჯახია შემორჩენილი და უმძიმეს პირობებში იმყოფება. მდინარე ერისწყალი, რომელიც სოფელში მოედინება, სათავიდან მოყოლებული ე.წ. საზღვარია და ჩვენი აღარაა. ვიდექით მდინარის პირას და სიცხისაგან დახუთულებს ერთი სული გვქონდა ფეხი შეგვედგა ამ კამკამა წყალში, მაგრამ ადგილობრივებმა გაგვაფრთხილეს ამაზე არც კი იფიქროთო.

“ახლა აგერ იმ ბუჩქებიდან შეიძლება გვათვალიერებენ რუსი მესაზღვრეები. ეს მდინარე ჩვენი არაა და წყალს არც კი მიუახლოვდეთ”,- გაგვაფრთხილა 53 წლის გულნარა როსტობაიამ, რომლის სახლიც მდინარის პირას და ე.წ. საზღვართან დგას.

ადგილობრივებთან საუბრიდან გავარკვიეთ, რომ სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გზაა, უფრო სწორად, უგზოობა.

“სოფელში ტრანსპორტი არ მოძრაობს. ხანდახან დადის მიკროავტობუსი, მაგრამ ისიც კვირაში ორჯერ. სოფელში სკოლა არ არის. ბავშვებს სიარული უწევთ მეზობელ სოფელში, წყოუშში, რომელიც აქედან 7 კილომეტრში მდებარეობს. სკოლის ავტობუსი კი ემსახურება ბავშვებს, მაგრამ უამინდობის დროს ამ გზაზე გავლა შეუძლებელია და გამომდინარე აქედან, ბავშვები სკოლაშიც ვერ დადიან ნორმალურად. ზამთარში , დიდთოვლობის გამო, ხან ერთი თვითაც, სოფელში გზა იკეტება. ტექნიკა აქამდე არავის მოყავს, რომ გზები გაიწმინდოს ხოლმე. ჩვენც ვიცავთ აქედან საქართველოს, სახელმწიფო კი როგორც შეუძლია გვეხმარება”,- გულისტკივილი ვერ დამალა გულნარა როსტობაიამ.

სოფელში მობილური კავშირი ფაქტიურად არ არსებობს, რაზეც ვიხუმრეთ კიდეც – რუსებმა რომ დაგვიჭირონ, ჩვენი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახებსაც ვერ მივაწვდენთ ხმასო…დარეკვა ერთადერთი, შემაღლებული ადგილიდან არის შესაძლებელი.

“სასწრაფო დახმარება რომ გამოვიძახოთ მეორე სასწრაფო მათ დასახმარებლად უკან მოყვება”,- გვითხრა ქალბატონმა გულნარამ. მიუხედავად მწარე რეალობისა ყველამ ერთად გულიანად ვიცინეთ მის ნათქვამზე. როგორც ქალბატონმა გულნარამ გვითხრა, რუსი მესაზღვრეები მათ ხშირად “სტუმრობენ”.

“რუსებს ყოველდღე ვხედავთ. მოდიან ჩემს ბოსტანთან, ინტერესდებიან რა ნათესები მაქვს. ჩვენი ძროხები ბევრჯერ მათ მიერ გაბმულ მავთულხლართებში გაბლანდულან. იქით გადასვლა და საქონელის გადმოყვანა არ შეგვიძლია და შესაბამისად ძროხებსაც ვეღარ ვშველით ხოლმე. რუსი მესაზღვრების ძაღლები აქეთ გადმოდიან, ცხვრებს და ძროხებს გვიჭამენ”,- აღნიშნა მან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ე.წ. საზღვართან, მდინარე ერისწყალთან ერთ-ერთ ხეზე 5 სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. ძნელია შენს სახლთან “მოსეირნე” ოკუპანტის თავნება საქციელს მშვიდად უცქირო და არ გეშინოდეს. როგორც ქალბატონმა გულნარამ გვითხრა, გამუდმებული შიშის და სტრესის გამო მის მცირეწლოვან შვილს ფსიქიკა შეერყა.

“ბავშვი ამ ყველაფრის გადამკიდე ფსიქოლოგიურად ავადაა შიშების გამო. ღამე რუსების ხმაურზე მძინარე ბავშვი წამოვარდება ხოლმე და მეც ვეღარ მცნობს, მერე ისტერიკაში ვარდება, ეშინია, ხომ არ დაგვიჭერენეო. აი ასეთ მდგომარეობაში ვცხოვრობთ უკვე ათი წელია”,- გვითხრა თვალზე ცრემლმომდგარმა დედამ.

მას სანუკვარი სურვილის შესახებ ვკითხეთ და ჩვენთვის მოსალოდნელი პასუხი მივიღეთ:

“ჩემი სურვილია, რომ ერთი ღამე მაინც დავიძინოთ მშვიდად”.

ამ პასუხმა მე და ჩემს კოლეგას გული ჩაგვწყვიტა. იქიდან ბუნების სილამაზით დამტკბარნი, მაგრამ გულდამძიმებულები წამოვედით. მანქანა სოფელს შორდებოდა, ჩვენ კი ერთმანეთისთვის ხმა აღარ გაგვიცია, ფიქრებში ვიყავით ჩაფლულნი. ქალაღალში დარჩნენ ადამიანები, რომლებიც ისევ მომავლის იმედით აღამებენ და ათენებენ. მე კი ერთ რამეზე ვოცნებობ – მალე დამაბრუნა ამ სოფელში, ოღონდ ისე, რომ იქ ბედნიერი და გაღიმებული ადამიანები ვნახო, პრობლემის გარეშე, ვიცოდე რომ ბავშვები სკოლაში დადიან და ერთ დღეს ყველა მათგანს საოცარი მომავალი ელის…

ულამაზესი ადგილი იმ იმედით დავტოვეთ, რომ ჩვენ, მოქალაქეები და რაღა თქმა უნდა, ხელისუფლება, უფრო მეტად დავაფასებთ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, საქართველოს იცავენ.

“თაიმერის” გადამღებმა ჯგუფმა თავად მოსახლეობას, რომლებიც ჩვენთან ინტერვიუს დასთანხმდნენ, მათივე სურვილით ფოტო არ გადაუღო. “სიფრთხილეს თავი არ სტკივაო”- გვთხოვეს და ჩვენს უსიტყვოდ ავასრულეთ მათი სურვილი.

 

თამთა გერგედავა

სპეციალურად საიტისთვის სოფელ ქალაღალიდან

banner
წინა სტატიაშიზურაბ გურიელიძე: გორის რაიონში აღმოჩენილი კვალი არ უნდა ეკუთვნოდეს ლომს ან ვეფხვს
შემდეგი სტატია“ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე თხევადი ქლორის ორი ერთტონიანი ავზი იპოვნეს