“ჩვენი ჯარისკაცების თავდადებამ და პროფესიონალიზმმა საქართველო დაამკვიდრა მსოფლიო სამხედრო რუკაზე”

ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმმა და თავდადებამ დაამკვიდრა საქართველო მსოფლიო სამხედრო რუკაზე, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ვაზიანის მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში “მტკიცე მხარდაჭერის” სამშვიდობო მისიაში მონაწილე ასეულის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა ქართველ ოფიცრებს მიმართა და მისიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და მეტად საპასუხისმგებლო მისიაში გამგზავრებამდე მოგმართოთ. თქვენ აცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია გეკისრებათ. ეს არის რეალურად გლობალური უსაფრთხოების მისია, რომელშიც მთელი მსოფლიოა ჩართული, მათ შორის მათში ღირსეულადაა წარმოდგენილი საქართველო. საქართველო “გადამჭრელი მხარდაჭერის მისიაში” არის #2 კონტრიბუტორი და თუნდაც რაოდენობრიობა მეტყველებს თქვენს ჩართულობაზე, რომ არაფერი ვთქვათ ჯარისკაცების თავდადებასა და მაღალ პროფესიონალიზმზე. მე მინდა ცალკე აღვნიშნო, რომ ჩვენი ოფიცრების და ჯარისკაცების თავდადებას და პროფესიონალიზმს არა მარტო მე და თავდაცვის სამინისტრო, ქვეყნის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, არამედ ამას აღნიშნავს ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა. ჩვენი ჯარისკაცების თავდადებამ, ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმმა საქართველო დაამკვიდრა თუ შეიძლება ითქვას მსოფლიო სამხედრო რუკაზე. თქვენ ხართ ჩვენი წინაპრების დიდი სამხედრო ტრადიციების გამგრძელებელი და ამას აჩვენებთ მსოფლიოს”, – მიმართა თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამხედროებს.
მინდია ჯანელიძის შეფასებით, აღნიშნულ მისიაში მონაწილეობით ჩვენი შეიარაღებული ჯარები დიდ გამოცდილებას იძენს.
“ეს გამოცდილება ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობაში, ამიტომ თითოეული საათი, თითოეული წუთი გატარებული ამ მისიაში, ემსახურება მომავალში ჩვენი შეიარაღებული ძალების მშენებლობას. რაც შეეხება ამ მისიაში ჩართვის პოლიტიკურ მნიშვნელობას, თქვენი დამსახურებაა ის, რომ ჩვენს ქვეყანას წარმატებები აქვს საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. თქვენი დამსახურებაა ის, რომ თქვენი ქვეყანა ხდება თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, თქვენი დამსახურებაა, რომ საქართველო ვითარდება ევროინტეგრაციის კუთხით”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში90 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ოთარ კობერიძე
შემდეგი სტატიადაძაბული სასამართლო სხდომა ბუტა რობაქიძის საქმეზე – რა ხდება საქალაქო სასამართლოში?